ავტორი:

"ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს... სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება" - კარასინის განცხადება და მოსკოვში გამართული ქართულ-რუსული ჯგუფის შეხვედრის დეტალები

"ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს... სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება" - კარასინის განცხადება და მოსკოვში გამართული ქართულ-რუსული ჯგუფის შეხვედრის დეტალები

24 მარტს მოსკოვში ექსპერტთა ქართულ-რუსული ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა. რომელშიც მონაწილეობა ორი ქვეყნის 40-მდე ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა მიიღო, მონაწილეობდნენ ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებას ორგანიზებას უწევდნენ "გორჩაკოვის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი" და პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი.

ინფორმაციას "გორჩაკოვის ფონდი" ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი.

"მან გააანალიზა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია და განაცხადა, რომ 2012 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, 26 შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების დროს კი შესაძლებელი გახდა იმის მიღწევა, რომ რუსეთი გახდა საქართველოს მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მოიხსნა ყველა ადრეული აკრძალვა ქართული პროდუქტის ბაზარზე დაშვებაზე და რუსეთის ფედერაციაში ქართული ექსპორტი 14-ჯერ გაიზარდა“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • ასევე აღნიშნულია, რომ კარასინმა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის ანტირუსულ სანქციებზე საქართველოს რეაქცია "დაბალანსებულად“ შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ დარჩება.“

"პოსტსაბჭოთა სივრცეს ტრადიციულად მეგობრებად ვუყურებთ. არსებულ ურთიერთობებს ურთიერთდახმარების ხასიათი აქვს. რუსეთი მომხრეა მშვიდი მიდგომის. სანქციები "წვრთნის“ რუსეთის სახელმწიფოს. ვინც პატიოსნად გვექცევა, ის მეგობრად რჩება. ჩვენთვის მიუღებელია, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს“, - აღნიშნა კარასინმა.

მანვე ჟენევის ფორმატის განახლების იმედი გამოთქვა. კარასინის თქმით, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც "საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობენ და ასეთ დიალოგს ხელშესახები შედეგი მოაქვს.“

"თუ გვინდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მთავარ საკითხებზე მოლაპარაკებებმა შედეგი მოიტანოს, ჩვენ უნდა მოვხსნათ უკიდურესი პოზიციები. უთანხმოება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა კარასინმა.

მანვე განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას "ნათელი მომავალი" აქვს.

  • "ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს“, - ამბობს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობა და ასევე "ახალ რეალობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტები.“

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს, 25 მარტსაც გაგრძელდება და განიხილავენ "გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკის და მორალური ფასეულობების შენარჩუნების საკითხებს."