კანადის შეიარაღებული ძალების ყოფილი მებრძოლი, სნაიპერი, მეტსახელად "ვალი" ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომლებზეც ბოლო დღეებია რუსული "პროპაგანდისტული მანქანები" აქტიურად მუშაობენ და მის შესახებ არაერთ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. ბოლოს რუსულმა წყაროებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ცნობილი სამხედრო ბრძოლის დროს მოკლეს.
კანადური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, "ვალის" გარდაცვალების შესახებ ცნობა ყალბია და რეალურად, ის ცოცხალია, ამის დასამტკიცებლად, CBC News-მა ვეტერან მებრძოლთან ვიდეო ინტერვიუ გამოაქვეყნა.
კანადის შეიარაღებული ძალების ყოფილმა წევრმა თქვა, რომ ის უკრაინაში უსაფრთხო ადგილას დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ერთი კვირა რუსებთან ბრძოლის წინა ხაზზე გაატარა. როდესაც ტელეფონი ჩართო, აღმოაჩინა ასობით შეტყობინება ადამიანებისგან, რომლებიც სთხოვდნენ მას დაედასტურებინა, რომ რეალურად ცოცხალია.
სწერდნენ მეუღლე, მამა, მეგობრები, სრულიად უცხო ადამიანები. ყოფილმა მეთაურმა, რომელთან ერთადაც ის "ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა, აცნობა, რომ მისი კეთილდღეობისთვის ცხვარი შესწირეს.
ის უკრაინაში კიდევ ერთ კანადელ ვეტერან სამხედროსთან, მეტსახელად "ჩრდილთან“ ერთად ჩავიდა. "ვალი" ამბობს, რომ მის შესახებ მედიაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მაგალითად ის, რომ "მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი სნაიპერია", და "რეკორდულად ბევრი ადამიანი ჰყავს მოკლული." სამხედროს თქმით, მსგავს ინფორმაციებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ კანადაში, კომპიუტერის პროგრამისტად მუშაობდა, აქტიურად არც ვარჯიშობდა.
მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში მან ნახა, თუ როგორ ბომბავდნენ რუსული ძალები ყველაფერს, განურჩევლად.
"ისინი იყენებენ არტილერიას, იარაღს, ჭურვებს, ისინი უბრალოდ ყველგან ისვრიან. ზოგან ყველაფერი განადგურებულია.“, - ამბობს ვეტერანი მებრძოლი. მისივე თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში არც ეძინა და არც ჭამდა. ვალი ამბობს, რომ უკრაინაში რუსების მხრიდან თავდასხმისას დაუნდობელი, აპოკალიფსური სცენები ნახა.
ის პოპულარულია მედიაში, აძლევს ინტერვიუებს მედიასაშუალებებს მთელს მსოფლიოში. მებრძოლის თქმით, ასეთმა აქტივობამ შესაძლოა, რუსული დაზვერვის რადარზე დააყენა.
"ეს ძალიან საშიშია. მე შეიძლება მათთვის უფრო მეტად საინტერესო ვიყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჯარისკაცი, მაგრამ ჩემი პოვნა არც ისე ადვილია“, - ამბობს სამხედრო. (წყარო: CBC.ca)
ცნობისთვის, თავად სამხედრო ამბობს, რომ მედიაში მის შესახებ გავრცელებული ცნობები გაზვიადებული და გადაჭარბებულია. მისი თქმით, ის არასდროს ყოფილა სპეცდანიშნულების ელიტური რაზმის წევრი და 3.45კმ-იანი გასროლა, რომელმაც 2017 წელს ISIS-ის წევრი იმსხვერპლა, მას არ შეუსრულებია.
ნახეთ ვიდეო: