ავტორი:

"უკომპრომისო, რისკიანი, გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები" - რას წარმოადგენს "აზოვის ბატალიონი" და ვინ არის მისი ლიდერი ანდრეი ბილეცკი?

"უკომპრომისო, რისკიანი, გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები" - რას წარმოადგენს "აზოვის ბატალიონი" და ვინ არის მისი ლიდერი ანდრეი ბილეცკი?

"აზოვის ბატალიონი", მისი ლიდერი ანდრეი ბილეცკი და გზა, რომელიც 2014 წლიდან აქამდე გაიარეს, მუდმივი ყურადღების ცენტრშია. რუსეთში კრემლის პროპაგანდისტული მანქანების მთელი ძალისხმევა მიმართულია ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად წარმოსაჩენად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია ომამდე ექსტრემისტულ დაჯგუფებად დასავლურ მედიაშიც არაერთხელ იყო მოხსენიებული.

ომის დაწყების პირველ დღეებში კრემლის მედია წერდა, რომ ანდრეი ბილეცკის და მის "ასფალტის ჯარისკაცებს" მარიუპულში "სიცოცხლის დატოვება" მოუწევდათ, მაგრამ როგორც ბევრი სხვა რამ, ეს მოლოდინიც არ გამართლდა. მეტიც, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ყოველ დღე, როგორც ადამიანური რესურსის, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით, ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ.

მოკლედ, აზოვის ბატალიონისა და ადგილობრივი მოსახლეობის თავდადების ფასად, არ ნებდება ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი, სადაც ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

დასავლეთის სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, პუტინის რეჟიმისთვის ამ ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მარიუპოლი რუსეთს ახლახანს აღიარებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის გასაერთიანებლად სჭირდება.

თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლს დაიკავებენ, ამას მარიუპოლის ზღვაზე გასასვლელად გამოიყენებენ. ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებში შედის ქალაქი ხერსონიც, რადგან ყირიმის ნახევარკუნძულზე წყალი უკრაინიდან შედიოდა, მთავარი გამანაწილებელი კი, ხერსონთან სწორედ მდებარეობს...

თუმცა აზოვის ბატალიონი მათ ჩანაფიქრის განხორციელების უფლებას არ აძლევს. ცნობისთვის, ბატალიონის წევრების მომზადებაში, 2014 წლიდან დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ სამხედროებსაც.

რუსეთის მოთხოვნაზე, დაყარონ იარაღი და გამოაცხადონ კაპიტულაცია, ქალაქის ხელმძღვანელობამ, დარჩენილმა მოსახლეობამ და აზოვის ბატალიონმა მტკიცე უარი განაცხადეს. ქალაქში, რომლის შენობების 80-90 % განადგურებულია, ბრძოლა გრძელდება.

  • ვინ არის ბატალიონის მეთაური ანდრეი ბილეცკი, რომელიც ამ პოზიციებს არ თმობს და თანამებრძოლებს შეუპოვრობის მაგალითს აძლევს?

file.liga.net-ის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, ის 1979 წლის 5 აგვისტოს, ხარკოვში დაიბადა, 2001 წელს ადგილობრივი უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი სადიპლომო ნამუშევარი უკრაინის მეამბოხე ჯარებს ეძღვნებოდა.

სწავლის კვალდაკვალ, ხარკოვის სხვადასხვა სასწავლებლებში უკრაინის სამხედრო ისტორიას ასწავლიდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

"2001 წლის მარტში, აქტიურად მონაწილეობდა კიევში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაში, "უკრაინა კუჩმის გარეშე". მაშინ ადგილობრივმა მილიციამ დააკავა და ადმინისტრაციული სასჯელის მოხდაც მოუწია, რის გამოც მის უნივერსიტეტიდან გარიცხვასაც ცდილობდნენ. 2002 წლიდან უკრაინული გაერთიანების სტეპან ბანდერას სახელობის ხარკოვის შენაერთს ხელმძღვანელობდა..." - წერს გამოცემა.

"უკომპრომისო, რისკიანი, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისა და საორგანიზაციო უნარების მქონე ლიდერი, რომელმაც დააფუძნა რადიკალური ეროვნული მოძრაობა "სოციალ-ნაციონალური ასამბლეა" და "უკრაინელი პატრიოტები" - ასე ახასიათებს მას ადგილობრივი მედია.

2011 წლის 19 ნოემბერს მასზე თავდასხმა განხორციელდა, საკუთარ სადარბაზოსთან რამდენჯერმე ესროლეს. გააქტიურების კვალდაკვალ მტრებიც გამოუჩნდა, თუმცა იღბალისა და სიფრთხილის წყალობით, მუდმივად ცდილობდა გადარჩენას.

2011 წელს, უკრაინის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ბილეცკი "რიმარსკის მცველების საქმეზე" დააკავა და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მაშინ პოლიტპატიმრის სტატუსი ჰქონდა. სასჯელი მოიხადა, მაგრამ ამასაც არ შეუჩერებია, მას მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმთან - ციხიდან გათავისუფლებისთანავე მაიდანზე მიმდინარე აქციას შეუერთდა...

ევრომაიდნის მოვლენების დროს, ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში, უკრაინის პატრიოტების ორგანიზაციის წევრებმა, სხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან ერთად, ახლად შექმნილი მემარჯვენე სექტორის ხერხემალი ჩამოაყალიბეს. 2014 წლის მარტში, ციხიდან გამოსვლიდან მალევე, ბილეცკი მემარჯვენე სექტორის-აღმოსავლეთ უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელად დაინიშნა და ხარკოვის, დონეცკის, პოლტავასა და ლუგანსკის ოლქები გადაიბარა.

"2014 წლის გაზაფხულის ბოლომდე მისი ინიციატივით დაარსდა მოხალისეთა ბატალიონი "აზოვი". თუმცა მალევე გაფართოვდა და 2016 წლიდან მარიუპოლის დაცვის პასუხისმგებლობა აიღო. ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბილეცკი VIII მოწვევის უმაღლეს რადაში აირჩიეს. მაშინ ის კიევის რეგიონში პოლიციის სპეციალური საპატრულო სამსახურის, აზოვის პოლკის მეთაური იყო.

ის არც ერთ ფრაქციაში არ ყოფილა. იყო უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. იგი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი კიევში. 2016 წლის ბოლოდან ის ახლად შექმნილი ეროვნული კორპუსის თავმჯდომარეა", - წერს გამოცემა.

2014 წლის აგვისტოში, ბილეცკი გამოჩენილი სიმამაცისთვის, მესამე ხარისხის სპეციალური ორდენით დააჯილდოვეს. ასევე მინიჭებული აქვს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება. პოლიტიკის კვალდაკვალ აქტიურად იყო გატაცებული სპორტით, მიღებული აქვს ჯილდოები კრივში, ფარიკაობაში, პრაქტიკულ სროლასა და კიდევ რამდენიმე სახეობაში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რამდენიმე დღის წინ, ადრეი ბილეცკის ლიკვიდაციისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა 500 ათასი დოლარი დააწესა, რაზეც ბილეცკიმ უპასუხა, რომ კადიროვის მკვლელობაში ერთ გროშსაც არ გადაიხდიდა... არსებული ცნობებით, "კადიროვცებმა" უდიდესი დანაკარგი სწორედ "აზოველებთან" ბრძოლაში განიცადეს.