ავტორი:

"ყველაფერი ნადგურდება იმ ადამიანების ბრძანებით, რომლებიც თქვენს ლამაზ ქალაქებში ცხოვრობენ" - ზელენსკიმ შვეიცარიას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედოს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ

"ყველაფერი ნადგურდება იმ ადამიანების ბრძანებით, რომლებიც თქვენს ლამაზ ქალაქებში ცხოვრობენ" - ზელენსკიმ შვეიცარიას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედოს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიას მოუწოდა, მკაცრად იმოქმედოს იმ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც მის ქვეყანაში ომის გაჩაღებაში "ლამაზი შვეიცარიული ქალაქებიდან" იყვნენ ჩართული. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბერნში, ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს ზელენსკიმ ვირტუალურად მიმართა და მადლობა გადაუხადა შვეიცარიას მხარდაჭერისთვის, რაც მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოავლინა, მაგრამ იქვე მკაფიოდ განაცხადა, რომ შვეიცარიულ ბანკებში ინახება იმ ხალხის ფული, ვინც ეს ომი გააჩაღა.

"ეს მტკივნეულია. ესეც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომ მათი ანგარიშები გაყინულია. უკრაინელებმა იციან რა გრძნობაა, როდესაც ქალაქები ნადგურდება. ისინი ნადგურდებიან იმ ადამიანების ბრძანებით, რომლებიც ცხოვრობენ ევროპულ, შვეიცარიის ლამაზ ქალაქებში, რომლებიც სარგებლობენ ქონებით თქვენს ქალაქებში. ნამდვილად კარგი იქნებოდა მათთვის ეს პრივილეგია ჩამოერთვათ“, - დასძინა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, შვეიცარიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, სრულად მიიღო რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, მათ შორის შვეიცარიის ბანკებში მათი ქონების გაყინვასთან დაკავშირებით.