უკრაინაში, მარიუპოლთან ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ინფორმაცია მედიაში ახლახანს გავრცელდა. ბახვა ჩიქობავა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მეგობარი იყო. თარგამაძე მის შესახებ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"მეორედ დამემართა ცხოვრებაში. პირველად - აფხაზეთის ომის დროს ჩემს უმცროს მეგობარ მიროტაზე. და დღეს.
გუშინ ამიტანა წინათგრძნობამ, ვერ მოვისვენე, დღეს დილით ხუთის ნახევარზე მივწერე - გთხოვ, ერთი სიტყვა, რომ კარგად ხარ. მაგრამ.... დილით საერთო მეგობარმა რომ დარეკა ფრონტიდან, პირველ ზარზე არ ავიღე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და არ მინდოდა გაგონება.
მეორე ზარზე - რაღა გზა იყო. ავიღე, ვკითხე - ბახვა? ხოო. ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი.
სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე - 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე - სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური.
მერე - ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით - ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს.
ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას", - წერს გივი თარგამაძე.
ცნობისთვის, უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.
თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.