ავტორი:

"იქამდე როგორ უნდა დაეცე, რომ მსჯელობის საგანი გახადო, მიმართავს თუ არა ზელენსკი ქართველ დეპუტატებს... სამარცხვინოა" - გიგი უგულავა

"იქამდე როგორ უნდა დაეცე, რომ მსჯელობის საგანი გახადო, მიმართავს თუ არა ზელენსკი ქართველ დეპუტატებს... სამარცხვინოა" - გიგი უგულავა

დისპუტი პრეზიდენტს და მთავრობას შორის საკონსტიტუციო სასამართლოში არის აბსურდი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავის დროზე, როდესაც კობახიძე კონსტიტუციას წერდა, რეალურად ბებიამისის სიზმრებს წერდა და არა ფართო კონსულტაციის, ან კონსენსუსის საგანს, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა საქართველოს მთავრობის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილი მისი "დამოუკიდებელი მოძრაობების“ გამო ჰყავს მიზანში ამოღებული.

"არანაირი განმარტება ამ თვალსაზრისით კონსტიტუციას არ უნდა სჭირდებოდეს, ამოღებული ჰყავთ მიზანში სალომე ზურაბიშვილი, არ მოსწონთ მისი დამოუკიდებელი მოძრაობები და მიდის მისი "მიჯირყვნა“. იმპიჩმენტის თავი მათ არ აქვთ და როდესაც არ გაქვს იმპიჩმენტის თავი, რაღაცებს იგონებ, რომ მაქსიმალური წნეხი გქონდეს. ამით მიაღწევენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ წაუვათ ხელიდან“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მან ასევე შეაფასა ოპოზიციის ინიციატივა საქართველოს პარლამენტისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის შესახებ. უგულავას განცხადებით, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა "ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად გადაექცია და მსჯელობის საგანი გახადა, მოუსმენენ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის.

"ზელენსკი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკიდან ევროპის ქვეყნებით დამთავრებული. არსად შეკითხვა არ დასმულა და ყველა ნორმალური ქვეყანა მიესალმება, პირიქით, ვხედავთ უწყვეტ ტაშს უკრაინელი ხალხის გმირობის და პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ეს გეოპოლიტიკური კატასტროფა გადაექცია "ნაც-ქოცურ“ დაპირისპირებად, მსჯელობის საგანი გახდა, მოვუსმინოთ თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის, ეს სამარცხვინოა და შიშს აყოლილი ხელისუფლების ნიშანია. რანაირად უნდა მოახერხო, რომ დისკუსიის საგანი გახადო პრეზიდენტ ზელენსკი ჩაერთვება და ქართველ დეპუტატებს მიმართავს თუ არა. აქამდე როგორ უნდა დაეცე? სხვა სიტყვები არ არსებობს, როგორ შეიძლება ეს მსჯელობის საგანი იყოს დღეს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.