ავტორი:

რატომ არ სურს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მოსმენა?

რატომ არ სურს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მოსმენა?

17 მარტს, პარლამენტში პარტია "ლელო საქართველოსთვის" ინიციატივით გამოვიდა, რომ საქართველოს პარლამენტს, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვისთვის მოესმინა.

"უკრაინა დღეს თავისუფალ სამყაროსთან ერთად ებრძვის 21-ე საუკუნის ბოროტებას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და მასთან ერთად ჩვენი ქვეყანა... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოიწვიოს პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის პლენარულ სხდომაზე... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", გადავდოთ გვერდით პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებისთვის", - ეს კი პარლამენტარმა სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა.

გუშინვე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, საქართველოს პარლამენტს მიმართოსო. როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეკანოიძემ აღნიშნა, მას ამის თაობაზე ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა.

დეკანოიძემ ასევ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, მხოლოდ ოპოზიციის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილად არ დარჩება.

უმრავლესობის პოზიცია ამის თაობაზე, ჯერჯერობით ნეგატიურია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, არ აპირებენ ამ ინიციატივას დაეთანხმონ.

"ნაციონალური მოძრაობისა“ და "ლელოს“ ინიციატივებს, რომელიც უკრაინას შეეხება, "ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არამედ "ლელომ“ და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართეს.

"უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა არის რუსული აგრესიის ქვეშ. ამ ომს ყველა ვაკვირდებით. რასაც ჩვენ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვხედავთ, განსაკუთრებით, ეს შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას“ და "ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია, მოხდეს აქ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივების განხილვაში არც კი შევდივართ. ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს მიზანი არის არეულობა და ქვეყნის ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რაც შეეხება გულწრფელ სურვილებს და დამოკიდებულებებს, ჩვენ, იცით, რომ ცოტა ხნის წინ გავაგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია პარლამენტის მხრიდან, ეს იყო შეგროვებული თანხა, მაშინაც არ მიუღია ამაში ოპოზიციას მონაწილეობა. ასე რომ, აქ ჩანს სინამდვილეში რა არის ოპოზიციის ამ ნაწილის რეალური განზრახვა, ეს არის მხოლოდ პიარი და რაც შეეხება რეალურ დახმარებასა და გვერდში დგომას, ისინი არ იჩენენ არანაირ სურვილს. თუკი რეალურად ვინმეს სურს უკრაინას დაუდგეს გვერდში, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით. აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც ხომ აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით უკვე მიმართა ბრიტანეთის პარლამენტს, აშშ-ის კონგრესსა და გერმანიის ბუნდესტაგს. ის სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის კანონმდებლების წინაშეც.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამ თემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:

"რადგან ხელისუფლება აგრძელებს ზელენსკის აღქმას "ნაციონალობის" პრიზმაში და ფაქტობრივად, უარს აცხადებს მის ჩართვაზე პარლამენტში, ამაზე არის ერთადერთი პასუხი. ზელენსკის კიდევ ერთხელ უნდა მიეცეს პირდაპირი ქართველი ხალხისთვის მიმართვის საშუალება, რომელიც გადაიცემა ყველა ტელევიზიის მეშვეობით. ვინც არ გადასცემს, ესეც დიაგნოზია. თუ არ გეძლევა საშუალება მიმართო ხალხის რჩეულებს, უნდა მიმართო პირდაპირ ხალხს. ხალხმა კი უნდა შემოუძახოს და შეახსენოს თავის რჩეულს, თუ რისთვის აირჩია".

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ძალიან სწორი იქნება.

"მიმაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენკის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ძალიან სწორი იქნება. ეს საქართველოს ხელისუფლებისგან ერთგვარად იმის აღიარება იქნება, რომ ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, ისევ სოლიდარული ვართ უკრაინის მიმართ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით და ვაცხადებდით. ზელენკისთვის ეს მეორე ჩართვა იქნება. ალბათ, გახსოვთ, როდესაც მან თბილისში, მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. კარგი იქნება, თუ პარლამენტსაც მიმართავს, მითუმეტეს, ეს არ იქნება სიახლე, არც მსოფლიოსთვის და თუნდაც ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ასეთმა სიტყვით გამოსვლამ შეიძლება საქართველოში რაიმეს პროვოცირება მოახდინოს. ალბათ, საქართველოს ხელისუფლება ისევ შეეცდება, აპელირება დაიწყოს იმაზე, რომ ზელენსკის სიტყვით გამოსვლა შესაძლოა, პროვოკაციული აღმოჩნდეს. ზოგადად, რუსეთმა ყველა "წითელი ხაზი“ გადაკვეთა და დღეს მას რაიმე შემაკავებელი ფაქტორი უბრალოდ არ აქვს, რაიმეს ახალს მოიფიქრებს თუ ისევ დაიწყებს საქართველოში შემოჭრას, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, ამას თავად გადაწყვეტს. ამიტომ ომის საფრთხესა და პროვოცირებაზე საუბარი მგონი სრულიად უადგილოა“,- განაცხადა ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსთან".

მისი თქმით, თუ ოპოზიციას სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო, ჯერ ეს თემა კულუარებში ხელისუფლებასთან ერთად უნდა განეხილა და არა საჯარო განცხადებებით.

"დღეს იმდენად დაძაბულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა, რომ რა საჭიროების თემაც არ უნდა წამოჭრას ოპოზიციამ, ხელისუფლება უარს იტყვის. ოპოზიციამ პირდაპირ გააკეთა ამის შესახებ განცხადება. ვფიქრობ, ყველაზე რბილი შეფასებით, ეს პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იყო, ჯერ ხელისუფლებისთვის შეეთავაზებინათ და შემდეგ გაეხმოვანებინათ. თუ ხელისუფლება უარს იტყოდა, ეს უკვე სხვა თემა იქნებოდა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დათანხმდება თუ არა "ქართული ოცნება“ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, ეს მის "ისედაც შელახულ რეპუტაციას დიდად ვეღარ გააფუჭებს“.

"ხელისუფლების რეპუტაცია მაინც ვერ არის ისეთ დონეზე, როგორც უნდა იყოს. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ ერთ-ერთი ფაქტორი გახდეს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ხელისუფლებას ბევრის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ რეპუტაცა აღიდგინოს. ეს მაინც პიარის ნაწილში გავა. მიუხედავად განცხადებებისა, ხელისუფლება მაინც რჩება იმ აზრზე, რომ სანქციებს არ შეუერთდეს, თუმცა სანქციების შეერთება-არშეერთების საკითხი შეიძლებოდა უფრო რბილად გადაწყვეტილიყო ამ ხელისუფლებას რომ უფრო დიპლომატიურად ემოქმედა და ემუშავა. ამიტომ, რადგან ხელისუფლება მთავარზე არ მიდის და სანქციებს არ უერთება, ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე უარის თქმა, დიდად ვეღარ გააფუჭებს ისედაც შელახულ რეპუტაციას“, - განაცხადა ძაბირაძემ.

იხილეთ ასევე: