ავტორი:

"აშშ არ დახურავს ცას უკრაინაში... საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნიშნავს, რომ თქვენ კონფლიქტში ხართ რუსეთთან" - ლოიდ ოსტინი

"აშშ არ დახურავს ცას უკრაინაში... საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნიშნავს, რომ თქვენ კონფლიქტში ხართ რუსეთთან" - ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დახურავს ცას უკრაინაში.

"საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება რეალურად ნიშნავს, რომ თქვენ ხართ რუსეთთან კონფლიქტში. ასე რომ, აშშ-ს პერსპექტივიდან, ჩვენ კვლავ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარები არ იბრძოლებენ უკრაინაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მათი ტერიტორიის დასაცავად", - დასძინა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, უკრაინულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსეთის მხრიდან თავდასხმების შესაჩერებლად.

გუშინ აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ აქამდე გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მეტი დახმარებაა საჭირო. ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, უკრაინაში საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით.