"თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ. თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო" - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ვიდეოჩართვისას გერმანიის პარლამენტს, რა დროსაც მან ოფიციალური ბერლინი მწვავედ გააკრიტიკა.
ვირტუალური მიმართვისას უკრაინის პირველმა პირმა ბუნდესტაგი გაკიცხა იმ ყოყმანის გამო, რაც გერმანიამ გამოავლინა, როდესაც საქმე რუსეთისთვის ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებას ეხებოდა, იმის შიშით, რომ ამას შეიძლება ზიანი მიეყენებინა გერმანიის ეკონომიკისთვის.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე თავდასხმამდე იკრიბებოდნენ, დასავლელი ლიდერები კი ძალიან ნელა მოქმედებდნენ და საკმარისად შორს არ წასულან რუსეთის შესაკავებლად.
BBC-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისა და აშშ-ს კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა დასავლელი ლიდერების მიმართ მოწოდება, რომ მეტი მოქმედებაა საჭირო რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
CNN-ის ინფორმაციით კი, ზელენსკიმ ბუნდესტაგის წევრებისადმი მიმართვისას ჰოლოკოსტიც გაიხსნება და აღნიშნა, რომ ცნობილი ფრაზა "აღარასდროს“ "უსარგებლოა“.
"პოლიტიკოსები ყოველ წელს ამბობენ, "აღარასდროს“. ახლა ვხედავ, რომ ეს სიტყვები უსარგებლოა. ევროპაში ხალხი ნადგურდება“, - თქვა მან გერმანელ დეპუტატებთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში ვირტუალური გამოსვლისას გერმანიას მოუწოდა, დაანგრიოს ახალი რუსული კედელი ევროპაში და ითხოვა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
"ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი“, - სთხოვა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკის აღნიშნული ფრაზა გერმანიის დედაქალაქში, აშშ-ს პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მიერ, ცივი ომის დროს წარმოთქმული ცნობილ სიტყვის “გახსენებაა“, რა დროსაც თეთრი სახლის იმჟამინდელმა ლიდერმა საბჭოთა კავშირის მეთაურს მიხეილ გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა.
ასევე იხილეთ: