უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას “ტვიტერში” გამოეხმაურა.
ზელენსკის თქმით, თუკი რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, ის კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოექცევა.
“უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ უკრაინაში შეჭრა დაუყონებლივ შეწყვიტოს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აღნიშნული ბრძანება რუსეთისთვის არის სავალდებულოდ შესასრულებელი. ამის იგნორირება რუსეთის ფედერაციას კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს“, - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ჰააგას სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყონებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.