უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ მსოფლიო შეცვალა. კრემლი აშკარად არ ელოდა არც უკრაინელთა ასეთ თავდადებულ ბრძოლას და არც დასავლეთის დაწესებულ უმძიმეს სანქციებს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტა. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ოკუპანტი ანგრევს ქალაქებს, იტაცებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს... ამ ვითარებაში როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით? - ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი თორნიკე შარშენიძე საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ვრცელი ინტერვიუდან:
- უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს არაფერი გაუფუჭებია, მეტიც, ძალიან სოლიდარულია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ისეთი რიტორიკის მომსწრენი გავხდით, რომ ყველაფერს ხაზი გადავუსვით. ისეთი ტონით არ უნდა თქვა, სანქციებს არ ვუერთდებიო, რომ ეს ჯიბრით გაკეთებულს ჰგავდეს. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრციდან არავინ შეერთებია ამ სანქციებს, მაგრამ საქართველოს მთავრობის გარდა არავინ ჩაუქოლავთ ამის გამო. ამას ნამდვილად მოხერხება უნდა... ჩვენს ხელისუფლებაში ზოგიერთს, უკაცრავად, მაგრამ აკლია დიპლომატიურობა და მეტისმეტად როყიო ენა აქვს. გვარს არ დავასახელებ, კი იცით, ვინც არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე...
- მას მერე, რაც რუსეთმა საქართველოდან რძის პროდუქტების შეტანის ნებართვა გასცა, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეპანჩუკმა ქართველ დეპუტატებს მიმართა: "როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ომი თქვენს მოძმე უკრაინაში სრულმასშტაბიანად არის გაჩაღებული, თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ორივეს, თქვენც და ჩვენც? რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელზე სანქციების მოხსნა შეიძლება ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ ხანგრძლივ ბრძოლად, ჩვენს ერთობლივ მისწრაფებებად?" მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პოლიტიკურმა სპეკულაციებმა და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულმა კამპანიებმა მიაყენა ჩრდილი "საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მტკიცე და უანგარო მხარდაჭერასა და სოლიდარობას".
- როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არათუ რუსეთში გასატანი, ჩვენი საკმარისი რძის პროდუქტიც არა გვაქვს, არადა, აქ ისეთი ისტერიკა ატყდა, რომ იქიდან წყევლა-კრულვა შემოგვითვალა ჟურნალისტმა გორდონმა. რადას თავმჯდომარის მიმართვა თქვენც ახსენეთ... ანუ მათთან ისე მივიდა ეს ამბავი, თითქოს ქართველები ხვალვე გეგმავენ რძის პროდუქტების რუსეთში გატანას...
- სხვანაირად როგორ მივიდოდა, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ეს შესაძლებლობაა საქართველოსთვისო... ასეთ ვითარებაში დეზინფორმაციაში სხვისი დადანაშაულება სწორია? ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები აკეთებდნენ ისეთ განცხადებებს, ბუნებრივად გაჩნდა ვარაუდი, რომ მართლაც აპირებდნენ რუსეთში რძის პროდუქტების გატანას...
- ზუსტად იგივე მოხდა, რაც სანქციებთან დაკავშირებით - არაფრის გამო ატეხეს შარი. რა თქმა უნდა, რომც გქონდეს ჭარბად რძე და ყველი, ამ ვითარებაში რუსეთში არ უნდა გაიტანო, მაგრამ რომ არა გაქვს გასატანი, რა შესაძლებლობაზე ლაპარაკობ? სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხომ უნდა იცოდეს, რა აქვს გასაყიდი ქვეყანას და რა - არა? საოცარია, როგორ უნდა მოახერხო ასეთი სიბრიყვის თქმა?! გაჩუმდი და სულ ნურაფერს იტყვი... ერთხელ რომ თქვი, სანქციებს ვერ ვუერთდებიო, აღარ არის აუცილებელი, კიდევ 20-ჯერ გაიმეორო, რათა რუსეთს გააგონო. ისედაც გაიგეს ყველაფერი...
- როგორ ფიქრობთ, ამ ხელისუფლების პირობებში შექმნილ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს ქვეყანა სწორად აანალიზებს?
- რომელი ხელისუფლებაც უნდა იყოს საქართველოში, თუ ჩვენი ქვეყანა არ გახდა ნატოს წევრი, ან აქ არ დაფუძნდა აშშ-ის სამხედრო ბაზა, რუსეთთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება, ეს კი, ძირითადად, დამოკიდებულია აშშ-ის მთავრობაზე და ნაკლებად - საქართველოს ხელისუფლებაზე. შევთანხმდეთ, ნატო იმიტომ არის ძლიერი, რომ იქ არის აშშ. საქართველოს დაიცავს მხოლოდ აშშ-თან ალიანსი. ამ ეტაპზე საქართველოში, ნატოსგან განსხვავებით, აშშ-ის ბაზის გახსნა გაცილებთ რეალურია. ამისთვის ხელისუფლება უნდა მუშაობდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არა - საჯაროდ. ამას სჭირდება კულუარული მოლაპარაკებები. თავის დროზე შევარდნაძემ ჩუმად, ზედმეტი აურზაურის გარეშე მოახერხა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის დაწყება, რაც პოსტ ფაქტუმ გაიგეს რუსებმა. ასე უნდა ხდებოდეს ახლაც. ვერ დავიჩემებ, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს, არაფერი ვიცი, არადა, კარგი იქნებოდა, მუშაობდეს. იხილეთ სრულად