ჩემი ცხოვრების ძალიან რთული დღეებია, იმიტომ რომ ორი დღეა არ მიძინია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, - ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ განაცხადა.
მისივე თქმით, მას ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.
მარინა ოვსიანიკოვამ საზოგადოებასა და ახლობლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მეგობრებს, კოლეგებს. ჩემი ცხოვრების ძალიან რთული დღეებია, იმიტომ რომ ორი დღეა არ მიძინია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა, ახლობლებთან დარეკვის შესაძლებლობას არ მაძლევდნენ. არანაირი იურიდიული დახმარება არ გამიწიეს, არანაირი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ყველანაირ კომენტარს გავაკეთებ ხვალ. დღეს უბრალოდ უნდა დავისვენო", - განაცხადა მარინა ოვსიანიკოვამ.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის "პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგს უკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.