მოსკოვში, „ოსტანკინოს“ სასამართლოში მარინა ოვსიანიკოვას პროცესი მიმდინარეობს, რომელიც გუშინ გადაცემა „ვრემიას“ საინფორმაციო გამოშვებისას უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით პირდაპირი ეთერის დროს კადრში შევიდა.
BBC-ის ინფორმაციით, მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება „არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება და გულისხმობს 30 000 რუბლამდე ოდენობის ფინანსურ ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 10 დღემდე პატიმრობას.
BBC ვარაუდობს, რომ ოვსიანიკოვას არ წაუყენებენ ბრალს ახალი კანონის მიხედვით - „რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესახებ“.
შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ოვსიანიკოვას ადვოკატმა, დანილ ბერმანმა მანამდე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოვნას ვერ ახერხებს და მასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ახლახან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ოვსიანოკოვასთან მისი მეორე, სხვა ადვოკატი, ანტონ გაშინსკი იმყოფება.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".