მილიარდერი ამერიკელი ამომრჩევლები, სენატში რესპუბლიკური პარტიის რევანშის მიზნით, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში აქტიურად ჩაებნენ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებენ, იტყობიენბა РИА "Новости".
არჩევნებს, რომელიც 2 ნოემბერს გაიმართება, ანალიტიკოსები პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და მისი პოლიტიკის მიმართ ნდობის რეფერენდუმს უწოდებენ. ბიზნესმენები ობამას საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრების გამო აკრიტიკებენ. პრეზიდენტი მათთვის, რომელთა წლიური შემოსავალიც 250 ათას დოლარს აჭარბებს, გადასახადების გაზრდას აპირებს.
ჟურნალ "Forbes"-ის ვერსიით, უმდიდრეს ამერიკელთა 400-კაციან სიაში შესულთა თითქმის ნახევარი შუალედურ და გუბერნატორის არჩევნებს აფინანსებს. ექვსი უმსხვილესი დამფინანსებელი კომპანიიდან ხუთი რესპუბლიკელებს უჭერს მხარს.
მასმედიის წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის ყველაზე აქტიურ ლობისტებად ძმებ კოჩებს ასახელებენ, რომლებსაც რადიკალურ-კონსერვატორული მოძრაობა "Tea Party Movement"-ის მთავარ სპონსორებად მიიჩნევიან. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე მათ უკვე 45 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. უფრო ადრე კი კონსერვატორთა ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ცნობილი დეველოპერი და შოუმენი დონალდ ტრამპი იყო.
სააუქციონო კომპანია "eBay"-ის ექს-პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, რესპუბლიკური პარტიის წევრი მილიარდერი მეგ უიტმენი, რომელიც კალიფორნიის გუბერნატორობისთვის იბრძვის, ამერიკული არჩევნების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა: პირადი ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიაზე მან უკვე 140 მლნ დოლარი დახარჯა.
ბარაქ ობამას მომხრეთა მარცხენა ფლანგს ცნობილი ფილანტროპი და ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მეთაურობს. ობამას მხარესაა ასევე ფინანსისტი უორენ ბაფეტი. "მდიდრებისთვის გადასახადების" გაზრდას ისიც მხარს უჭერს.
თავად ბარაქ ობამამ, რომელმაც თავის მომხრეებს საარჩევნო ფონდში თუნდაც სამი დოლარის ჩადებისკენ მოუწოდა, მილიარდერთა პოლიტიკურ აქტივობას "დემოკრატიის მონაპოვარი" უწოდა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.