ავტორი:

"მრცხვენია, რადგან ხალხის ზომბირების საშუალებას ვაძლევდი" - რას ამბობდა მარინა ოვსიანიკოვა რუსული ტელეარხის ეთერში პროტესტამდე: ქალი, რომელსაც ათასობით ადამიანი  მადლობას უხდის

"მრცხვენია, რადგან ხალხის ზომბირების საშუალებას ვაძლევდი" - რას ამბობდა მარინა ოვსიანიკოვა რუსული ტელეარხის ეთერში პროტესტამდე: ქალი, რომელსაც ათასობით ადამიანი  მადლობას უხდის

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლის, გადაცემა "ვრემიას" რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ქმედება მედიასა და სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოვსიანოკოვა ეთერში გამოჩნდა ბანერით, რომელზეც იყო წარწერა: - "არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ."

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, რომელიც ოვსიანიკოვამ მანამდე გადაიღო, სანამ პროტესტის ამგვარ ფორმას მიმართავდა. ვიდეომიმართვაში ის ბოდიშს იხდის იმისთვის, რომ რუსეთის "პირველ არხზე" პროპაგანდას ემსახურებოდა.

"ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დანაშაულია და რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ამ აგრესიის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა - ეს არის ვლადიმერ პუტინი. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი კი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები.

ყელსაბამი (რუსეთისა და უკრაინის დროშის ფერებში), რომელიც ახლა მიკეთია, იმის სიმბოლოა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძმათაშორისი ომი და ჩვენი მოძმე ერები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთის "პირველ არხზე“ ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული და ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმის საშუალებას ვაძლევდი.

მრცხვენია, რადგან რუსი ხალხის ზომბირების საშუალებას ვაძლევდი.

2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩვენ გავჩუმდით. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უსიტყვოდ ვუყურებდით ამ არაადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია და ჩვენი შთამომავლობის კიდევ 10 თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათაშორისი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენი, გონიერი და ჭკვიანი რუსი ხალხის ხელშია ძალა, რომ შევაჩეროთ ეს სიგიჟე. გამოდით მიტინგებზე, არაფრის შეგეშინდეთ. ისინი ყველას ვერ ჩაგვსვამენ ციხეში“, - ამბობს ოვისიანიკოვა.

ამ დროისთვის ის დაკავებულია.

"ფეისბუქზე" მარინა ოვსიანიკოვას ათასობით ადამიანი უხდის მადლობას გამბედაობისთვის. მას შემდეგ, რაც მან პროტესტი გამოთქვა "ფეისბუქზე" პროფილის ფოტოზე 38 ათასზე მეტი კომენტარი აქვს. კომენტარების ავტორები არიან როგორც უკრიანელები, ასევე რუსები, რომელთა ნაწილისთვისაც ოვსიანიკოვას ქმედება სამაგალითო გახდა.

  • მას მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც

"მადლობელი ვარ იმ რუსების, ვინც არ წყვეტს სიმართლის გადმოცემას. მათ, ვინც ებრძვის დეზინფორმაციას და ეუბნება სიმართლეს, რეალურ ფაქტებს მეგობრებსა და ახლობლებს. და პირადად ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა "პირველი არხის" სტუდიაში. ვისაც არ ეშინია პროტესტის. სანამ თქვენი ქვეყანა მთლიანად არ ჩაიკეტა მთელი მსოფლიოსგან და ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა, თქვენ უნდა იბრძოლოთ. თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი", - ამბობს ზელენსკი მიმართვაში.