რიკოთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულთან დკავშირებით განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცავების ავტომანქანისა და FORD TRANSIT-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"საქართველოს პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან კახა ბაღდავაძე, მურმან ლეჟავა და მიხეილ მაჩიტიძე. ისინი იმერეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს საჭეს ლეჟავა მართავდა.
გარდაცვლილ სამართალდამცველებს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით ემშვიდობებიან:
"თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბის გაგება ეხლაც ვერ ვიჯერებ და შოკირებული ვარ ღირსეული პიროვნება და საამაყო პოლიციელი იყავი. მე, როგორც მომავალი სამართალდამცავი, ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი მაგარი ადამიანი იყო და იქნება მუდამ ამ დიდი ოჯახის ნაწილი მუდამ გვემახსოვრები და ისე ღირსეულად დავიცავთ მუნდირს და ვატარებთ, როგორც ამას შენ აკეთებდი და როგორც შენ გაგიხარდებოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას ჩვენს სტრუქტურას და საქართველოს", - წერენ გარდაცვლილთა მეგობრები სოციალურ ქსელში.
მთავარ ფოტოზე: კახა ბაღდავაძე