ევროპარლამენტარებმა, რომელთა შორის ვიონ ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და ანდრეას გლუკი არიან, მარიუპოლის მხარდამჭერი ვიდეომიმართვა გაავრცელეს.
ევროპარლამენტარების თქმით, ისინი ახლა უკრაინის ქალაქ ლვოვში არიან და მარიუპოლის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებენ.
ევროპარლამენტარები დარწმუნებულები არიან, რომ პუტინი დამარცხდება და მარიუპოლი გადარჩება.
„ადამიანებო მარიუპოლიდან, ჩვენ ევროპარლამენტიდან აქ ვართ, ლვოვში. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ჩვენ ვგრძნობთ იმავე ტკივილს, რასაც თქვენ განიცდით მარიუპოლში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ადამიანთა გულები გერმანიაში, ისევე როგორც გულები ევროკავშირში თქვენთანაა, ჩვენი ფიქრი და ლოცვა თქვენთანაა ყოველთვის. ჩვენ ვიცით მარიუპოლი, თქვენ გადარჩებით და თქვენ გაიმარჯვებთ, პუტინი დამარცხდება. ჩვენ თქვენთან ვართ, გამაგრდით!“- ამბობენ ევროპარლამენტარები.
ევროკავშირის დროშის ფონზე გაკეთებულ მიმართვაში მათ ასევე მიმართეს მარიუპოლის მერს ვადიმ ბოიჩენკოს და აღნიშნეს, რომ ის ყველაზე მამაცი ადამიანია, ვინც კი ოდესმე უნახავთ.
„გზავნილი გვაქვს მარიუპოლის მერთანაც - ყველაზე მამაცი ადამიანი ხარ, ვინც კი გვინახავს, ვადიმ, ჩვენ შენთან ვართ. ვადიმ, შენ ნამდვილი გმირი ხარ! შენ ამას შეძლებ! გამხნევდი, ამას გაუძლებ, ჩვენი გულები თქვენთანაა!“- განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.