ავტორი:

"ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით... შემოგევლოთ რუსეთი" - რუსეთში მოღვაწე ქართველები "ინსტაგრამს" ემშვიდობებიან: ვინ რას წერს სოციალურ ქსელში?

"ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით... შემოგევლოთ რუსეთი" - რუსეთში მოღვაწე ქართველები "ინსტაგრამს" ემშვიდობებიან: ვინ რას წერს სოციალურ ქსელში?

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანას მსოფლიომ იმდენი სანქცია დაუწესა, რომ ყოველდღიურად რამდენიმე უცხოური ბრენდი ტოვებს რუსულ ბაზარს. "მაკდონალდსისა" და "ქეიეფსის" ქვეყნიდან გასვლის ტკივილი ჯერ არ მოენელებინათ და ამჯერად აკრძალვები საკუთარი ქვეყნის მთავრობამ დაუწესა. 14 მარტს 00:00 საათზე რუსეთში "ინსტაგრამი" დაიბლოკება. ეს გადაწყვეტილება "როსკომნადზორმა" მიიღო. მანამდე ხალხს მისცეს უფლება, ფოტოები ჩამოტვირთონ და შეინახონ.

როგორც კი ახალი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რუსი ვარსკვლავები და ინფლუენსერები ალტერნატიული გზების ძიებას შეუდგნენ. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ თინა კანდელაკმა და ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამის" მიმდევრებს ალტერნატიულ არხად "ვკონტაქტე" და "ადნაკლასნიკი", ასევე "ტელეგრამის" არხი შესთავაზეს.

მას შემდეგ, რაც რუსულმა "როსკომნადზორმა" გადაწყვეტილების აღსრულების ზუსტი დრო დაასახელა, რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ.

"ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდებზე მათ რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავთ, რომლის დაკარგვაც ცხადია, არ უღირთ. ისინი მთელი დღის განმავლობაში დებდნენ სთორებს, პოსტებს, რომ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა ამჯერად "ვკონტაქტეზე" ან "ადნაკლასნიკზე" მოუწევდათ. ქართველი აუდიტორია კი მათი მისამართით სალანძღავ კომენტარებს არ იშურებდა...

როგორც ჩანს, ამ ფაქტმა განსაკუთრებულად გააღიზიანა ფოტომოდელი და ინფლუენსერი მიმი შელია. ქალი წლებია, რაც რუსეთში ცხოვრობს, ის ქეთა თოფურიას ახლო მეგობარი და ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ყოფილი ცოლია. რამდენიმე თვის წინ კი მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე, გრიშა მამურინზე იქორწინა. მიმიმ "ინსტაგრამის" სთორიში იმ ქართველებს მიმართა, რომლებმაც მის მიმართ სალანძღავი და დამცინავი კომენტარები დაწერეს.

მიმი შელია:

"ჩემი "უკეთილშობილესო" ქართველო კეთილისმსურველებო. ტყუილად ნუ დაიღლით თავს ჩემი მისამართით ბოღმის ნთხევით. შემოგევლოთ თქვენ სრულიად რუსეთი. რომ მწერთ, იხურება ინსტაგრამი და რით რეალიზდებიო, მე უკვე რეალიზებული ვარ ყველა ასპექტში, თქვენგან განსხვავებით. ნუ ნერვიულობთ, პოსტები მექნება ხვალ, ზეგ და უსასრულოდ, აქ ამ პლატფორმაზე. უსურვეთ ყველას სიკეთე და იგივე სიხარულში და ბედნიერებაში იქნებით აწ და მარადის".

თინა კანდელაკი და სხვა რუსი ვარსკვლავები ძველებურად აგრძელებენ კრემლის ნარატივს, მოსახლეობას აიმედებენ, რომ "მაკდონალდსის" გარეშე უფრო გამხდრები იქნებიან, ხოლო "ინსტაგრამს" და "ფეისბუქს" კი "ვკონტაქტე" და "ადნაკლასნიკი" უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. გუშინ უმეტესმა მათგანმა "ინსტაგრამზე" გამოსამშვიდობებელი პოსტები დადო და გამომწერებს "ვკონტაქტეს" ლინკები გაუზიარეს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავებიდან მხოლოდ თეონა კონტრიძე და ვალერი მელაძე აღმოჩნდნენ ისეთი თამამები, რომ ომს შეცდომა უწოდეს და რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკეს.

ქეთა თოფურია და მიმი შელია კი მხოლოდ ერთდღიანი სთორით - "არა ომს!" დაკმაყოფილდნენ. აქამდე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია სოსო პავლიაშვილსა და დიანა ღურწკაიას.

სოსო პავლიაშვილმა 6 მარტს კრემლის საკონცერტო დარბაზში გაზაფხულის მოსვლა აღნიშნა. ამ კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვეს თამარ გვერდწითელმა და ქეთა თოფურიამ. მიზეზი კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით ახსნეს.