ავტორი:

"მძიმე სანახავები არიან ჩვილი ბავშვები, რომელთაც სცივათ... სასტუმროში 7 საათის შემდეგ სინათლის ანთებაც აკრძალული გვაქვს" - ქართველი ჟურნალისტის მონაყოლი ცხელი წერტილიდან

"მძიმე სანახავები არიან ჩვილი ბავშვები, რომელთაც სცივათ... სასტუმროში 7 საათის შემდეგ სინათლის ანთებაც აკრძალული გვაქვს" - ქართველი ჟურნალისტის მონაყოლი ცხელი წერტილიდან

"სირიაში არ ინდობდა ასადის რეჟიმი არავის და ასევე არ ინდობს პუტინი არავის აქ" - განაცხადა "რუსთავის 2"-ის ჟურნალისტმა, დავით კაკულიამ "პალიტრანიუსზე", გადაცემა "360 გრადუსში" ჩართვისას, რომელიც უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ნიკოლაევიდან განხორციელდა.

დავით კაკულია: დავიწყოთ იმით, რაც ხდება ნიკოლაევში. მე დიდი სიამოვნებით ჩაგერთვებოდით გარე პერიმეტრიდან, თუმცა 19.00 საათზე აქ იწყება კომენდანტის საათი. მხოლოდ სასტუმროს დერეფნებში არის ახლა შუქი ანთებული. ჩვენ აკრძალული გვაქვს სასტუმროს ნომრებშიც კი სინათლის ანთება 7 საათის შემდეგ, ვინაიდან ყოველ ღამით არის დაბომბვის რისკი. ახლაც კი, როდესაც თქვენ კითხვას მისვამდით, ისმოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვითი სისტემების ხმა.

როგორც ჩანს, არის კვლავ საფრთხე ან სარაკეტო იერიშის, ან საჰაერო იერიშის, ვგულისხმობ მოიერიშე და გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ნიკოლაევი, როგორც მოგეხსენებათ, 3 მხრიდან არის ალყაშემორტყმული. 3 მხრიდან ცდილობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალები აქ შემოჭრას. თუმცა ჯერჯერობით მათ ეს, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ბოლო მცდელობისას აეროდრომთან, სადაც ჩვენც ვიმყოფებოდით (აქ ნიკოლაევთან არის სამხედრო აეროდრომი), დაახლოებით 20-მდე ტიპის სხვადასხვა ტექნიკა გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა.

ეს არის მათთვის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი, რომლის აღება სურთ. სურთ, რატომ - ნიკოლაევს ეძახიან ოდესის კარიბჭეს. თუკი დაეცემა ნიკოლაევი, ამას ღიად ამბობენ უკრაინელი სამხედროები, შესაძლოა, დაეცეს ოდესაც, რომლის აღება არ არის ისე მარტივი, თუმცა გააჩნია საიდან შეუტევენ და რა რაოდენობის ტექნიკა და ცოცხალი ძალა შეუტევს. აქ სიტუაციას ართულებს ის, რომ როგორც ნიკოლაევის შემთხვევაში, ისე ოდესის შემთხვევაში, შეტევა შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანექსირებული ყირიმი არის საკმაოდ ახლოს. შესაბამისად, ყველა ის თვითმფრინავი, რომელიც ბომბავს შავი ზღვისპირეთში მდებარე უკრაინულ ქალაქებს, ფრინდება სწორედ ანექსირებული ყირიმის სამხედრო აეროდრომებიდან, რომელიც 2014 წელს ჩაიგდეს რუსმა სამხედროებმა ხელში ე.წ. რუსული გაზაფხულის დროს.

თავად ნიკოლაევში, რაც შეეხება სიტუაციას, სიტუაცია ნამდვილად არ არის კარგი, მე ვიტყოდი, მძიმეც კი. ჩვენ ვიმყოფებოდით, სულ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ რუსულ რაკეტებს და ბომბებს დააღწიოს თავი. ბუნებრივია, ყველაზე მძიმე სანახავი არის ჩვილი ბავშვები, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ პირობები შეუქმნან, მაინც სცივათ. არ არის ის პირობები რომ ბავშვი იქ იყოს, განსაკუთრებით ორსული ქალები...

- დათო, მოსახლეობის შესახებ მინდა გკითხო. ვერ ხერხდება უზრუნველყოფა ჰუმანიტარული დერეფნების? რატომ იმყოფებიან ეს ადამიანები ჯერ კიდევ იქ, სადაც მოსალოდნელია ყოველწუთას იერიში რუსი ოკუპანტების მხრიდან?

- მოდით, ორად გავყოთ მოსახლეობა. არის მოსახლეობის ნაწილი, რომელთაც უბრალოდ, საცხოვრებელი არა აქვთ, მაგრამ არ სურთ მშობლიური ქალაქის დატოვება და ურჩევნიათ თავშესაფრებში იცხოვრონ, იწვალონ, გაიარონ - მე ასე დავარქმევდი - ჯოჯოხეთის გზა, იმიტომ რომ ასეულობით კილომეტრი უნდა იარონ სხვადასხვა ტრანსპორტით, არის გარკვეული პრობლემები, არის იძულებითი გაჩერებები, იმიტომ რომ არასდროს არ იცი, სად დაარტყამს რუსული არტილერია ან სარაკეტო ძალები, ან თვითმფრინავები. შესაბამისად, ამ ადამიანებს ურჩევნიათ ისევ აქ იყვნენ, მშობლიურ ქალაქში და გაუძლონ ამ ყველაფერს.

იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ ქალაქის დატოვება, ჯერ ღიაა ოდესასთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც ისინი სასიცოცხლო გზას უძახიან. ეს გზას, ჯერჯერობით, არ იბომბება. არის უკრაინული საგუშაგოები, სრულად აკონტროლებს უკრაინული არმია. შესაბამისად, მათ აქვთ არჩევანი, თუმცა დღეს რომ დავდიოდი ქალაქში, ცხადად დავინახე, რომ უმეტესობა ამ ქალაქის მაცხოვრებლისა, ცდილობს, რომ არ დატოვოს მშობლიური ქალაქი. მამაკაცები ცდილობენ ქალების, ბავშვების და მოხუცების გაყვანას, თუმცა თავად კვლავ ბრუნდებიან ქალაქში და ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცდილობენ ქალაქის დაცვას, დაწყებული საჭმლის მომზადებით. მაგალითად, გადაღების დროს გაჩერდა ერთ-ერთი მამაკაცი, გადმოიღო ახალი წინდები და დაიწყო ჯარისკაცებთან დარიგება. ყველა ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ამ ომში, იმისთვის, რომ გაიმარჯვონ. მე მართლა არ მინახავს ასეთი ერთიანობა არასოდეს.

რაც შეეხება ნიკოლაევის უკვე ლეგენდადქცეულ გუბერნატორს, მე მასთან მქონდა ასეთი კითხვა - ის დადის ქალაქში, მუშაობს თავის კაბინეტში, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, რომელიც წესით, ყველა გათვლით არის დარტყმის ობიექტი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამ შენობას დაარტყან. გუბერნატორმა თქვა, რომ არასდროს დატოვებს თავის ხალხს, თავის ქალაქს, უფრო მეტიც, ის იმდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ამბობს, რამდენიმე დღე დარჩა და უკრაინული არმია დაიწყებს შეტევას კონკრეტულად ამ ქალაქიდან და ისინი ეცდებიან თავად მაქსიმალურად გადაწიონ უკან რუსული საოკუპაციო ძალები.

გუშინ ღამე იყო პირველი ღამე ბოლო 14 დღის განმავლობაში, როდესაც ეს ქალაქი არ დაბომბილა. თუმცა ამ საღამოს უკვე საჰაერო თავდაცვა არ ჩერდება, ყოველ წამს ისმის გასროლის ხმა, მუშაობს საჰაერო თავდაცვა. როგორც ჩანს, ჩვენ კონკრეტულად არ გვეუბნებიან, სარაკეტო შეტევისგან იგერიებს ქალაქს თუ თვითმფრინავებისგან, თუმცა ფაქტი არის, რომ აფეთქებების ხმა ისმის, შესაბამისად მტერი არსად არ წასულა.

- გავს ეს რომელიმე ომს, რომელშიც მანამდე ხარ ნამყოფი?

- იცი, მე სადაც ვარ ნამყოფი, არსად სამშობიარო სახლი არ დაუბომბავთ. 2008 წელი ავიღოთ - მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, არ დაინდეს... იგივე - ჩეჩნეთის ომში (ნამყოფი არ ვარ, თუმცა ჩემი კოლეგები იყვნენ, ვინც მე მასწავლიდნენ ამ მიმართულებაში მუშაობას და მათგან მომეხსენება), ეს არის მათი ტაქტიკა - ფსიქოლოგიური ზეწოლა იმით, რომ გაანადგურონ ბავშვები ქალები, მოხუცები, რათა შემდეგ არმია გახადონ ბრძოლისუუნარო. თუმცა, უკრაინელების შემთხვევაში, ამან არ გაჭრა, ფაქტია.

პირიქით, უფრო მეტი შემართებით აგრძელებენ ეს ადამიანები ბრძოლას. ნამდვილად გამიჭირდება შედარება, ერთადერთი რაც მინახავს, მე არ ვყოფილვარ მართალია, მაგრამ იმ კადრებით თუ ვისმჯელებთ, რასაც ჩვენი კოლეგები იღებდნენ, ალბათ, სირია - იქ არ ინდობდა ასადის რეჟიმი არავის და ასევე არ ინდობს პუტინი არავის აქ.