შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს.
"იყო ხშირი საუბარი თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი, რეალურად ბევრად ნაკლებია", - ამბობს შს მინისტრი.
გომელაურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 40 000 იყო შემოსული. მისივე თქმით, ქართულ მხარეს საზღვარზე კონტროლი უფრო გამკაცრებული აქვს, შესაბამისად 180-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შემოუშვეს.
"სახელმწიფო საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად გვაქვს მაქსიმალური აქცენტი გაკეთებული უსაფრთხოებაზე. იყო ხშირი საუბარი თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი, ბევრად ნაკლებია. 2019-2021 წლებთან შედარებით იმის 70%-ია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა.
24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში შემოსულია 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი მაშინ, როდესაც 2019 წელს ანალოგიურ პერიოდში, 13 დღის განმავლობაში შემოსული იყო 40 000. ამ ადამიანებიდან ბევრი შემოდის ჩრდილო-კავკასიის მოსახლეობა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები და ა.შ. რომლებიც ჩარჩნენ და ვერ გადაფრინდნენ საკუთარ ქვეყნებში, თურქეთში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსის გამშვები პუნქტიდან. ესეც ითვლება რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად, თუმცა ტერიტორიას ტოვებენ, მათი ნახევარი ნამდვილად არ რჩება, დაახლოებით 3000-ია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა.
ჩვენ კონტროლი უფრო გამკაცრებული გვაქვს, იყო ბევრი შემთხვევა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, იყო საუბარი "დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვესო. 180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით. ერთ-ერთი ალბათ ეს „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა, მესაზღვრე თავად წყვეტს ვინ შემოუშვას და ვინ არა, ამას არ წყვეტს მინისტრი, მისი მოადგილე, კურატორი ან ა.შ. გაწერილი წესია“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, საქართველო საზღვრებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად აკონტროლებს. თუმცა, 100%-იანი დაცვა ქვეყანას ვერ ექნება, რადგან ამას დიდი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ."
"ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც აქვს საქართველოს და რა შესაძლებლობაც აქვს, 100%-იანი დაცვა არცერთ ქვეყანას არ აქვს, მათ შორის არც დიდ ქვეყნებს. თუნდაც ავიღოთ მექსიკა და ამერიკის საზღვარი. პრობლემაა ყოველთვის. იმის თქმა, რომ 100%-ით არის დაცული ჩვენი საზღვრები, ჩემი მხრიდან არასწორი ნათქვამი იქნებოდა. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაცული იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მეზობლები და მეგობრები არიან: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი. ერთი პრობლემა შეიძლება იყოს სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით. საზღვრებს მაქსიმალურად ვაკონტროლებთ“, - განაცხადა გომელაურმა.
იხილეთ ასევე: