ავტორი:

თორნიკე რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელშემწყობთა სიაში და კიევის უნივერსიტეტის განცხადება - როგორ პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას

თორნიკე რიჟვაძე რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელშემწყობთა სიაში და კიევის უნივერსიტეტის განცხადება - როგორ პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უკრაინულ ვებგვერდზე Миротворець-ზე რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელშემწყობად გამოაცხადეს. Миротворець უკრაინელ მეცნიერთა და ჟურნალისტთა გაერთიანებაა და ისინი ადგენენ იმ ადამიანების სიას, რომლებიც პირდაპირ, თუ ირიბად რუსულ აგრესიას უკრაინაში გამართლებას უძებნიან, ან მხარს უჭერენ. რიჟვაძის ამ სიაში შეყვანას წინ უძღოდა მისი კომენტარი "ტვ პირველთან"

ჟურნალისტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ ასე უპასუხა: "ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას".

ამასთან, გუშინ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ "ვიკიპედიაში" თორნიკე რიჟვაძის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზე არსებული ინფორმაცია, რომ მას უნივერისტეტის დოქტორის ხარისხი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი მას არ აუღია.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც საჯაროდ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივ ქმედებებს, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი არ აუღია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიკიპედიაში მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზე არის აღნიშნული, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტი ასევე განმარტავს, რომ თორნიკე რიჟვაძემ ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დოქტორანტურაზე 2015 წელს ჩააბარა, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო, საკუთარი სურვილით იქნა გარიცხული.

"სწავლა შეწყდა, ეს პერიოდი სამეცნიერო ხარისხისა და კვალიფიკაციის მიღებით არ დასრულდა. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს ყოფილ დოქტორანტს უკრაინა არ შეუყვარდა“, - წერია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მოგვიანებით, თორნიკე რიჟვაძე თავადაც გამოეხმაურა მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია - რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს, ყველა ოფიციალური ინფორმაცია, შეესაბამება სრულ სიმართლეს", - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მისი თქმით, 2015 წელს ჩააბარა ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს კი გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი და ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით, იძულებული გახდა აეღო აკადემიური შვებულება და შეეწყვიტა სწავლა, "შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი".

"სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და "ნაცმოძრაობის" სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, "მოიცალეს” ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

ე.წ. ჟურნალისტის რიტორიკულ-პროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით, პასუხიც გახლდათ შესაბამისი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მასპინძლობისთვის!

რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში, შეესაბამება სრულ სიმართლეს!

საშუალო სკოლის ბოლო აკადემიური წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ "პასო რობლეს სკოლაში", კალიფორნიის შტატში (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX)).

სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს;

2012-2013 წელს მივიღე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სიტის, ლონდონის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში);

2011-2014 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

და ბოლოს არანაკლებ საყურადღებოდ - 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი;

შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე, რომელთაც არ აქვთ იურიდიული მნიშვნელობა.

P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?!", - წერს რიჟვაძე.