ავტორი:

"ომი უნდა დასრულდეს, უნდა დავსხდეთ გულწრფელი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ომი უნდა დასრულდეს, უნდა დავსხდეთ გულწრფელი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ომი უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა დავსხდეთ არსებითი და გულწრფელი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს, ქსავიერ ბეტელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.

"ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენი ესმით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ რუსებს, რომლებიც უკრაინელებს ქუჩაში გამოსვლითა და პროტესტით უჭერენ მხარს.

ამასთან, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის გადახდილი ყოველი ცენტი იქცევა ტყვიებად და ჭურვებად, რომლებსაც ისინი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ იყენებენ.

მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვის შესახებ მნიშვნელოვნად შეასუსტებს ოკუპანტებს, აიძულებს, გადაიხადონ აგრესიის გამო და პასუხი აგონ მათ მიერ ჩადენილ ბოროტებაზე.

მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის და ამ გზით მსოფლიოსთვის "ძლიერი სიგნალის გაგზავნისთვის“ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს.

"რუსეთის მიერ გადახდილი ყოველი ცენტი იქცევა ტყვიებად და ჭურვებად, რომლებიც მიფრინავენ სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შემუშავებულ დახმარების ახალ პაკეტზეც ილაპარაკა.

"უკრაინაში ახალი "მარშალის გეგმა“ იქნება. დასავლეთი ჩამოაყალიბებს ამ მხარდაჭერის პაკეტს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. სიტყვის კაცი, უკრაინის გულწრფელი მეგობარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირისგან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება.

"ველოდებით მკაცრ გადაწყვეტილებებს ევროკავშირისგან. სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომისთვის, ამ აგრესიისთვის, რომელსაც მისი ავტორები ინანებენ. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მსოფლიო მიჰყვება შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის და სხვა თავისუფალი ქვეყნების მაგალითს. ასე რომ, სამყაროს მოტყუება შეუძლებელია. სანქციების თავიდან აცილება შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისათვის, "მარშალის გეგმა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპის აღსადგენად შემუშავებული პროგრამა იყო.