სანქციების ამოქმედებიდან ერთ კვირაში, რუსეთში პრობლემები უკვე იგრძნობა. ადგილობრივების თქმით, სავაჭრო ობიექტებში დეფიციტი არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურ წნეხს იწვევს ის ფაქტი, რომ ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ცარიელდება მაღაზიები, სადაც ადრე ბრენდები იყო და უამრავი ხალხი ირეოდა...
კიდევ ერთი ნაწილის თქმით, საერთაშორისო ბრენდების, ქსელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გასვლა, ფსიქოლოგიური წნეხის გარდა, ათობით ათას უმუშევრად დარჩენილ ადგილობრივს ნიშნავს.
AMBEBI.GE-სთან საუბარში მოსკოვში მცხოვრები ქართველი ამბობს, რომ ბოლო დღეებია ვერ სარგებლობენ "ფეისბუქით", მხოლოდ მესენჯერის გამოყენება შეუძლიათ და როგორც ცნობილია, 11 მარტიდან, ინტერნეტი მთელ ქვეყანაში ითიშება.
- თქვენ უფრო მეტი იცით, თუ რა ხდება ბოლო დღეებში უკრაინაში, აქ ყველაფერს ბლოკავენ. ყველანაირი ანტიპუტინისტური ინფორმაცია იბლოკება. თუმცა, სამედიცინო წრეებში მაინც გავრცელდა, რომ რუსეთის თითქმის ყველა საავადმყოფოში ჰყავთ დაჭრილები. მოსკოვის სამედიცინო კლინიკებში მკურნალობენ მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებს...
საინფორმაციო წნეხის კვალდაკვალ მატულობს ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამომსვლელთა რაოდენობა. უამრავი ადამიანი დააკავეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ყველას აფრთხილებენ, რომ ვინც ანტიდასავლურ ქმედებებში იქნება შემჩნეული ყველას მიხედავენ. ის ნაწილი, ვინც პროტესტს გამოხატავს, ნამდვილად არ არის მოსახლეობის უმეტესობა. უამრავი ადგილობრივი ნამდვილად იზიარებს პუტინის პოლიტიკას და მხარს უჭერს იმას, რასაც უკრაინაში აკეთებს. რუსეთი ყველას ეხმარება, შემდეგ კი, როგორც კი ფეხზე წამოდგებიან, გვღალატობენო... უამრავი ახალგაზრდა ამბობს, რომ არა ამერიკა, ისევ ისევ ერთად ვიქნებოდითო.
- ფასებმა მოიმატა?
- ყველაფერი გაძვირდა... ადგილობრივები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ბრენდები, ვინც გადიან, მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს დროებითია და მალე დაბრუნდებიან. ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, ხელისუფლება ჰპირდება, რომ კომპენსაციას გასცემენ, მაგრამ არავინ აზუსტებს ეს იქნება სრული ხელფასი, თუ ანაზღაურების 50 ან 40 %. კითხვასაც ვერ სვამენ, რა თანხას მიიღებენ. ცხადია "სამსუნგი" იქნება, "ეფლი" თუ სხვა რამ, ყველას ადგილობრივი ჰყავდა დასაქმებული.
მოსკოვში წლების განმავლობაში მუშაობდა ფრანგული სამშენებლო მასალების მაღაზიათა ქსელი Leroy Merlin, რომელსაც ათასობით ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. ახლა ისინი უმუშევარი დარჩნენ. შემოსავალს ვინ ჩივის, ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა ძალიან რთულია. არ მგონია, ახლა რუსეთის ბიუჯეტს ამდენი ადამიანის კომპენსირება შეეძლოს... მე გიყვებით, ერთი კვირის ამბავს და ერთი თვის შემდეგ რა იქნება, წარმოდგენაც არ გვინდა. ამიტომ ცდილობს ხალხი გაქცევას. ზოგს აქვს დანაზოგი და უნდა, სანამ ეს თანხა ხელში აქვს, მანამ გაეცალოს აქაურობას. იმიტომ რომ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს. რამდენიმე დღის წინ, 5 ათასი რუბლით, ქართული ვალუტაში 200 ლარი გამოდიოდა, ახლა იმდენად დაეცა და ყველაფერმა ისე მოიმატა, ფაქტობრივად, ხელცარიელი გამოდიხარ. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
არსებული სიტუაციის შესახებ წერს ინტერნეტმომხმარებელი ემილი ოსტაპოვა:
"უამრავი ადამიანი ეძებს გასაქცევს. ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, უკვე დატოვა აქაურობა, ბევრი ამბობს, რომ კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ დაკავებულებს იზოლატორში ისე სასტიკად ექცევიან, რომ უმეტესობას ჯანმრთელობა შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სრულად დაბლოკილია ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, სიტყვის თქმის უფლება ეძლევათ მხოლოდ პუტინის აგენტებს და მხარდამჭერებს. ხალხმა ერთმანეთის დასმენა დაიწყო, რომ გადარჩეს ან სულაც ვითარებით ისარგებლოს და დაწინაურდეს. ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ის ნაწილი, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ვრჩებით. შეიძლება, ღამე მოგვიკაკუნონ და დილით ციხეში გავიღვიძოთ. ამ აზრსაც შევეგუეთ..." - წერს ემილი ოსტაპოვა.
იხილეთ ასევე: