დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზე მუშაობა მათი სრულყოფის მიზნით USAID საბაზისო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა თანამშრომლობს 8 უნივერსიტეტთან, რომელთაც მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. სიახლეების და თანამედროვე საუკეთესო გამოცდილების გაზიარება გაზრდის პროგრამების ხარისხს.
გასულ კვირას პროგრამის მოწვევით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მილერი, რომელმაც პროგრამის პარტნიორ რვა უნივერსიტეტთან ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა.
საქართველოში არსებული მასწავლებლის მომზადების პროგრამების შესახებ პროფესორი მაიკლ მილერი გვესაუბრა.
საქართველოში ვიმყოფებოდი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მოწვევით, რომელსაც ,,სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი“ (RTI International) ახორციელებს. ჩემი ვიზიტის მიზანი იყო პროგრამის პარტნიორ რვა უნივერსიტეტთან შეხვედრა და მასწავლებლის მომზადების პროგრამების სიღრმისეული განხილვა. ინდივიდუალური შეხვედრები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ვფიქრობ, ჩვენ ერთობლივად შევძელით ახლებურად შეგვეფასებინა მოქმედი საუნივერსიტეტო პროგრამები.
როგორ შეაფასებდით ქართული უნივერსიტეტების მასწავლების მომზადების პროგრამებს?
პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებს ნამდვილად აქვთ გამოცდილება და მყარი საფუძველი, მოამზადონ დაწყებითი განათლების კვალიფიციური მასწავლებლები. კონსულტაციების დროს ვისაუბრეთ, თუ რა უნდა ვასწავლოთ მასწავლებელს იმისათვის, რომ დაწეროს კარგი გაკვეთილის გეგმა, სწორად შეაფასოს მოსწავლე და უზრუნველყოს საფეხურის შესაფერისი სასწავლო პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ სტუდენტთა შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებზე, როგორ უნდა ვიკვლიოთ სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკა და მივცეთ სწორი უკუკავშირი. სასწავლო პრაქტიკის შეფასების საფუძველზე უნივერსიტეტს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დახვეწოს თავისი პროგრამები.
გაგვიზიარეთ აშშ-ს უნივერსიტეტების მასწავლებლის მომზადების პროგრამების გამოცდილება. რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი ქართულ და ამერიკულ პროგრამებს?
ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლების პირველი 3-4 წელი მთლიანად ფოკუსირებულია მეთოდოლოგიასა და შინაარსზე. ბოლო 1 წელი სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას. აქ, საქართველოში, სტუდენტებს საშუალება აქვთ პირველივე წლიდან შევიდნენ სკოლაში და დააკვირდნენ გაკვეთილის პროცესს.
ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმისა, თუ რა არის კარგი მასწავლებელი და ერთხმად ვადასტურებთ, რომ კარგი მასწავლებლების მომზადებას სჭირდება მაღალკვალიფიციური მენტორი, რომელიც სტუდენტს სკოლაში დახვდება. სტუდენტებმა მათგან უნდა ისწავლონ, როგორია კარგი გაკვეთილი, როგორი ურთიერთობა აქვს მასწავლებელი მოსწავლესთან, როგორ ინსტრუქციებს აძლევს, რესურსებს სთავაზობს, როგორ აძლევს უკუკავშირს, აფასებს, როგორ ამყარებს კავშირს მშობლებსა და კოლეგებთან. ასეთი კადრების პოვნა რთულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა თუ აშშ-ში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრების დროს შევეხეთ, მომავალი მასწავლებლების მიერ მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად განხორციელებული პრაქტიკის კვლევა იყო. პრაქტიკის კვლევა სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობის საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია, პროგრამების ფარგლებში კარგად იყოს გააზრებული პრაქტიკის კვლევის ხელმძღვანელობა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ მიიღონ კვალიფიციური დახმარება კვლევისას და რაც მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებმა გააძლიერონ სკოლები კვლევის და პრაქტიკის წარმართვისას, რათა სტუდენტებს საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაეხმარონ.
რა იქნება თქვენი რეკომენდაციები?
დიდი პოზიტიური ენერგიაა. პროგრამის პარტნიორ ყველა უნივერსიტეტს დიდი საქმეების კეთების, დაწყებითი განათლების ნამდვილად კარგი მასწავლებლების მომზადების ძლიერი სურვილი აქვს. ჩემი ვალია, დავაკვირდე ამ პროგრამებს და გამოვავლინო სფეროები, რომლებშიც მათ გაძლიერება სჭირდება. ყველა უნივერსიტეტს აქვს თავის განმასხვავებელი ნიშანი. მომავალ 4 თვეს გაგრძელდება ჩენი თანამშრომლობა და ჩვენ ვიმუშავებთ სპეციფიკურ თემებზე.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო დონეზეც, აკადემიურ პერსონალს გაზიარებული უნდა ჰქონდეს საერთო ხედვები, ერთმანეთს ხშირად უნდა ელაპარაკებოდნენ, იცოდნენ, თუ ვინ რას აკეთებს, რომ არ მოხდეს გადაფარვები და გააძლიერონ ერთმანეთი, ტრადიციული სალექციო ფორმატი შეიცვალოს მოდელირებით და აქტიური სწავლების პრაქტიკით. რა გამოცდილებასაც უნივერსიტეტში მიიღებენ, ისე გააგრძელებენ სწავლებას. თუკი ლექციური ფორმატი მათი ყოველდღიურობა იქნება, სკოლაშიც ვერ დანერგავენ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას.
უნივერსიტეტებს დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ისინი ბევრს ფიქრობენ მასწავლებელთა თანამშრომლობაზე სკოლაში, თუ რამდენად ეხმარება ეს მათ პროფესიულ განვითარებაში. მასწავლებლის პრაქტიკა იცვლება. ისინი მუდმივად სწავლობენ იყენებენ ახალ მეთოდებს, ახალ რესურსებს. დირექტორმა ხელი უნდა შეუწყოს მასწავლებელთა სასწავლო ქსელების შექმნასა და მუშაობას.
USAID საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციას მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეფორმის განათლების პოლიტიკისა და სასწავლო პროცესის კვლევაზე დაფუძნების გზით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მას RTI International ახორციელებს.