ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა - ამ სათაურებით ვრცელდება ინფორმაცია რუსულ მედიაში. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ პრიმადონა რამდენიმე დღეა, რაც რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
თვითმხილველის თქმით, პუგაჩოვა უმცროს შვილებთან ერთად ვნუკოვოს აეროპორტში შენიშნა. ცნობილი ფაქტია, რომ ალა ბორისოვნა კერძო თვიმთფრინავით სარგებლობს.
ვარსკვლავურ ოჯახს ქვეყნის დატოვების ფაქტი არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც რუსეთში აღარ არიან.
ერთ-ერთი რუსული მედიის ინფორმაციით, პრიმადონა შესაძლებელია ამერიკაში, ქალიშვილთან გაფრენილიყო. უკვე დიდი ხანია, რაც კრისტინა ორბაკაიტე შვილებთან და მეუღლესთან ერთად შტატებში ცხოვრობს.
ქვეყნის დატოვებამდე ალა პუგაჩოვას მეუღლის მაქსიმ გალკინის კარიერა მხოლოდ ერთი განცხადების გამო დაინგრა, როდესაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა გააპროტესტა. ამ განცხადების შემდეგ გაუქმდა გალკინის სპექტაკლები ყაზანსა და არხანგელსკში, რამდენიმე სარეკლამო კომპანიამ კი კონტრაქტი შეუწყვიტა.
14 მარტს მაქსიმ გალკინს კონცერტი უნდა ჰქონოდა ასტრახანშიც. ამ დროისთვის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თუმცა გალკინის განცხადების შემდეგ ბილეთის მფლობელები თეატრს შტურმით მიაგდნენ და ბილეთების უკან დაბრუნება მოითხოვეს. ბოლო ინფორმაციით, თეატრმა გალკინის კონცერტი გააუქმა.
რა თქვა გალკინმა ასეთი, რომ რუსმა მაყურებელმა არ აპატია?
მაქსიმ გალკინმა ომის დაწყებიდან მეორე დღეს, „ინსტაგრამზე“ ფოტოს ნაცვლად გამოაქვეყნა შავი კვადრატი და დაწერა: "დილიდან ვუკავშირდები მეგობრებსა და ნათესავებს უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? ომს გამართლება არა აქვს! არა ომს!“"
რა თქვა ალა პუგაჩოვამ? - "ინსტაგრამზე" საკუთარი შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა მინაწერით #არაომს #ჩვენომისწინააღმდეგნივართ
ომის დაწყებიდან რვა დღის შემდეგაც კი, რუსული მედია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სამხედრო სპეცოპერაციას ეძახის. გალკინზე და პუგაჩოვაზე კი წერენ, რომ მათმა კერპებმა მხარი არ დაუჭირეს რუსეთის პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციის წამოწყებას...