ავტორი:

რუსული ელიტა Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება - რას წერენ შოუბიზნესის წარმომადგენლები Facebook-ის დაბლოკვის შემდეგ?

რუსული ელიტა Odnoklassnik-სა და Vkontakt-ს უბრუნდება - რას წერენ შოუბიზნესის წარმომადგენლები Facebook-ის დაბლოკვის შემდეგ?

რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს. გადაწყვეტილება "როსკომნადზორმა" მიიღო. უწყებაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება Facebook-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვების გამოყენებას ეხება. მათი თქმით, შეზღუდვები შეეხო არხს "ზვეზდა", პროპაგანდისტულ სააგენტოს "რია ნოვოსტი", "სპუტნიკი", Russia Today, ასევე "ლენტა.რუ" და "გაზეტა.რუ".

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოფიციალურ "ინსტაგრამ" გვერდებს ნელ-ნელა ემშვიდობებიან და აუდიტორიას ახალგახსნილ Telegram-ის არხებსა და Vkontakt-ზე ეპატიჟებიან.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რუსეთში Instagram -იც გამოირთოს. პირველი, ვინც ამ ამბავს გამოეხმაურა, თინა კანდელაკი გახლდათ და თავის გამომწერებს სთხოვა, Telegram-ის გვერდზე გაყოლოდნენ.

რუსულ მედიაში წერენ, რომ რუსი მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები და პოლიტიკოსებიც კი მასიურად რეგისტრირდებიან Telegram-ზე, Odnoklassnik-ში და აღადგენენ Vkontakt-ეს გვერდებს.

ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა იანა რუდკოვსკაიამ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე თავისი გვერდი აღადგინა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გამომწერებთან კავშირზე ყოფილიყო, იძულებული გახდა ყველა პოსტი ინსტაგრამიდან Vkontakt-ზე გადაეტანა.

რუსი რეპერის "ტიმატის" ყოფილი შეყვარებული ანასტასია ვოლკონსკაია-რეშეტოვასთვის "ინსტაგრამი" ფულის შოვნის ერთ-ერთი საშუალება იყო, ამიტომ მას ძალიან შეეშინდა რეკლამის დამკვეთებთან და აბონენტებთან კონტაქტის დაკარგვის. Instagram-ზე გამოქვეყნებულ სიუჟეტში ისაუბრა, რომ მან გახსნა Telegram-ის არხი და თუ Instagram აღარ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთში, მის შესახებ ყველა სიახლეს აუდიტორია იქ იპოვის.

ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამაც დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მალე Instagram რუსეთში გაითიშოს. მას არ სურს დაკარგოს წლების განმავლობაში მოზიდული აუდიტორია, მაგრამ მოუწევს შეცვალოს პლატფორმა შემოქმედებითობის, თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციისთვის. ამჯერად ის Vkontakte-ზე და Odnoklassnik-ზე დარეგისტრირდა.

რუსეთში Instagram-ის დაბლოკვის შემთხვევაშიც კი, A-studio-ს ქართული წარმოშობის ვარსკვლავი, მომღერალი ქეთი თოფურია თაყვანისმცემლებთან კავშირზე რჩება. მანაც კოლეგების მაგალითს მიბაძა და Telegram-ის არხი გახსნა. მომღერალმა ასევე QR კოდი Instagram-ზე გამოაქვეყნა, საიდანაც "ვკონტაქტეზე" შეძლებთ ქეთასთან დაკავშირებას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქეთას პოსტს Instagram-ზე ქართველების კომენტარები მოჰყვა, ისინი მომღერალს მკაცრად აკრიტიკებენ.

"შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთეზე და ბოროტებაზე, აუცილებლად უთხარი, რომ შენ ბოროტებას უმღეროდი და ვაზელინის დიდი პარტია გქონდა..."

"გამოდით, რუსო "ზვეზდებო", გამოუცხადეთ - არა ომს!! როგორ დაგაჩმორათ პუტლერმა, ან ნუთუ ასეთი ბრმები ხართ, სიმართლეს ვერ ხედავთ? რად გინდათ საერთოდ რამე, მშვიდობა თუ არ გექნებათ? უფალო გევედრები, გადაარჩინე უკრაინა, მისი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა ამ ურჩხულის წინააღმდეგ, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია! slava ukraini!"

"თუ არ აპროტესტებ შენი პუტინის ქმედებებს, უდარდელ პოსტებს მაინც ნუ დებ! არავის არ ჭირდება ახლა შენი ერთი ადგილის ქნევა და სიმღერა. ამხელა რუსი აუდიტორია გყავს და ამის მაგივრად, დადე სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში და შეაგნებინე მაგ იდიოტ ერს... Слава Украине!"

"ქეთა კარგია, რომ ახლა მაინც შეგტკივა გული უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაზე! მაგრამ იცი რა არის სამწუხარო? 2008 წელს შენი ქვეყნის უდანაშაულო ხალხის დახოცვაზე პუტინის მიერ და უამრავი ადამიანის სახლიდან გამოგდებაზე რეაქცია არასდროს, ვიმეორებ, არასდროს გქონია! პირიქით, აგრძელებდი ასე უპოზიციოდ პუტინის წინაშე შენს ბრწყინვალე კარიერას! ახლა გვიანია! აღარც საქართველოში გამოქცევის დროა, როგორც ბევრ რუსს უნდა, დარჩით მანდ და თქვენს თავზე გამოსცადეთ იმის შედეგი, რასაც პუტინი თქვენი საშუალებით თესავდა ეს წლები!.."

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქეთა თოფურიამ ომის დაწყება ერთდღიანი ინსტაგრამ-სთორით გააპროტესტა. ფოტოზე ეწერა - „არა ომს"..

6 მარტს კრემლის საკონცერტო დარბაზში, თოფურია პავლიაშვილთან, გვერდწითელთან და სხვა რუს ვარსკვლავებთან ერთად, გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავ კონცერტზე იმღერებს.