ავტორი:

როგორ აისახა სანქციები კადიროვის ცოლ-შვილის სამოდელო ბიზნესზე - "ჩეჩნეთის ლიდერს აქვს მიზეზი, ცუდ ხასიათზე იყოს"

როგორ აისახა სანქციები კადიროვის ცოლ-შვილის სამოდელო ბიზნესზე - "ჩეჩნეთის ლიდერს აქვს მიზეზი, ცუდ ხასიათზე იყოს"

თითქმის ყველა დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გასაიდუმლოებული დანაყოფი ფიგურირებს, რომელზეც კადიროვი და პუტინიც დიდ იმედებს ამყარებდნენ. "კადიროვცები" ასრულებენ პუტინის ფავორიტი კადიროვის ყველა იმ დავალებას, რომელიც მისი ძალაუფლების გამყარებას ემსახურება.

kavkaz-uzel.eu წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომში, მისი რაზმები ყველა იმ ადგილას იქნებიან ჩართული, სადაც ცხელი წერტილია, მიუხედავად იმისა, რომ "კადიროვცებმა" თავი დიდად ვერცერთ ეპიზოდში ვერ გამოიჩინეს.

ამავე გამოცემის ცნობით, კადიროვი თავისი სამხედროებისგან თავგანწირვას ითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა ბრძანება გასცა, რომ ყველა, ვინც უკან დახევას შეეცდება, დახვრიტონ.

მისივე თქმით, უკრაინის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან, კომპენსაციის სახით, 1 მილიონ რუბლს მიიღებენ. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ოფიციალურ რუსულ მედიაში, რომლის თანახმადაც, საუბარია, 11 ათას რუბლზე და არა ერთ მილიონზე.

ამ ყველაფრის პარალელურად, ცოტა ხნის წინ კადიროვის ერთ-ერთმა ქალიშვილმა აიშატმა ჩეჩნეთის დედაქალაქში, ადგილობრივი ტრადიციების ფონზე საკმაოდ თამამი და თანამედროვე მაღაზია გახსნა.

"მკაცრი მენტალობის გათვალისწინებით, ის ყველასთვის არ იყო განკუთვნილი, დასავლური სტილის ქალის თეთრეული მხოლოდ ვიწრო, ელიტურ წრეებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, მყიდველს არასდროს უჩიოდა..." - წერს რუსი სამოქალაქო აქტივისტი იულია გალიამინა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა, კადიროვის დანაშაულებრივი საქმიანობა საერთაშორისო მედიისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

უკიდურესად დაძაბული ვითარების მიუხედავად, ის ახლაც ავრცელებს პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო პოსტებს, რის გამოც დაპატიმრებით ემუქრებიან, რაზეც პასუხობს, რომ "ამისთვის მზად არის!.."

"უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ კადიროვი ან ციფრებში აირია, ან როგორც სჩვევია, ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიზანია, სამხედროებში მოტივაციის ამაღლება... აქვს კიდევაც მღელვარების მიზეზი - ჯერ ერთი, შეიძლება არც სჯეროდეს, რომ პუტინის რეჟიმი ხვალ თუ ზეგ აუცილებლად ჩამოიშლება, რადგან ლოგიკური აზროვნებით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ ახლა ალბათ იმაზე ნერვიულობს, რომ სანქციები უკვე შეეხო კადიროვების საოჯახო ბიზნესს" - წერს გალიამინა.

მოსკოვის ცენტრში, კადიროვის ცოლსა და ქალიშვილს ძალიან დიდი მაღაზია ჰქონდათ... მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ახლა ვერც ევროპიდან შემოაქვთ საქონელი და აღარც დაინტერესება არსებობს.

proekt.media-ის ცნობით, კადიროვმა ერთ-ერთი რეზიდენციის მხოლოდ პროექტის გაკეთებაში, 8 მილიონ დოლარამდე გადაიხადა. მასთან ფულის გათეთრების საქმეში ჩართული იყო, უძრავი ქონების ცნობილი ბროკერი პაველ კროტოვი, რომელსაც საჭირო კავშირები ჰქონდა ბიზნეს საზოგადოების წრეებთან და ამას კარგად იყენებდა ჩეჩნეთის ე.წ. ელიტარული ნაწილის ბიზნეს-ინტერესებისთვის.

გამოცემის ცნობით, რამზან კადიროვისა და მისი ნათესავის, ადამ დელიმხანოვის სახელზე არცერთი ბიზნესი არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ მათ ანგარიშზე მილიონობით დოლარი ირიცხება.

ეს ყველაფერი არ არის, კადიროვი წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე თავისი ოჯახის წევრებსა და უახლოეს გარემოცვას ნიშნავდა, ცხადია, განათლებასა და კვალიფიციურობას ყურადღება არ ექცეოდა.

გასული წლის ბოლოს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად, კადიროვის უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა დაინიშნა. ამ თანამდებობას, პუტინის მარჯვენა ხელი, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი, მაგომედ დაუდოვი თავისი შეფის ქალიშვილს "გულითადად ულოცავდა“.

მანამდე, 22 წლის აიშატი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. უფრო ადრე კი, სამოდელო სახლ Firdaws-ის დირექტორი, რომელიც არა მხოლოდ ჩეჩნეთში, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ძალზე პოპულარული იყო. ამ ბრენდის კოლექციის პრეზენტაციები იმართებოდა პარიზში, დუბაიში, მოსკოვში, გროზნოში...

სამოდელო სახლის ხელმძღვანელობა აიშატ კადიროვამ უახლოეს სანდო პირებს გადააბარა, თუმცა ფაქტიურ უფროსად თავად რჩებოდა, რადგან ჩეჩნეთში კულტურის სამინისტრო დიდი დატვირთვით არ მუშაობს.

ამიტომ ის მომგებიან ბიზნესს ხელს არ უშვებდა, ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ კადიროვის სამოდელო სახლი და კიდევ სხვა, უამრავი ფაქტიური თუ ფიქტიური ბიზნესები, საიდანაც კადიროვებს ძალიან მაღალი შემოსავალი ჰქონდათ და სადაც ახლო გარემოცვა ჰყავდათ დასაქმებული, დაიხურა...

"შესაბამისად, კადიროვს აქვს მიზეზი ცუდ ხასიათზე იყოს. პუტინის რეჟიმის გარეშე ის ჩვეულებრივი დამნაშავეა და გასამართლება არ ასცდება. კარგი იქნება, გვიან, მაგრამ მაინც თუ უამრავი ადამიანის სიკვდილის ავტორს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. მხოლოდ იანგულბაევის ოჯახის ტრაგედია არ უნდა შერჩეს, ტუმსო აბდურახმანოვი ვერ მოიხელთა და გააფთრებული დასდევს... ბავშვების, ქალების, მოხუცების ბოდიშები, კადიროვის კრიტიკის შემდეგ, მათივე სიცოცხლის გადასარჩენად, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსეი რახმანინოვი.

ჩეჩნეთის ლიდერის ახლო ნათესავები რესპუბლიკაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, რასაც კადიროვი ნორმალურად მიიჩნევს, რადგან გარშემო ის ხალხი ჰყავს შემოკრებილი, ვისაც ენდობა. თუმცა, უკვე გავრცელდა ცნობები, რესპუბლიკაში თანამდებობების შემცირებებზე.