ავტორი:

რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ "ჩელსის" გაყიდის და უკრაინას დაეხმარება

რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ "ჩელსის" გაყიდის და უკრაინას დაეხმარება

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდის და მიღებულ ფინანსებს საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, რომელიც უკრაინის ომის ყველა მსხვერპლებს დაეხმარება

"ეს მოიცავს კრიტიკული თანხების მიწოდებას მსხვერპლთა გადაუდებელი და დაუყოვნებელი საჭიროებებისთვის, ასევე აღდგენის გრძელვადიანი მუშაობის მხარდაჭერას", - განაცხადა მან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსი ოლიგარქი დიდ ბრიტანეთში ქონებას სასწრაფოდ ყიდის, რათა ფინანსურ სანქციებს თავი აარიდოს.

"მე მგონი, აბრამოვიჩი სანქციების დაკისრებას უფრთხის, ამიტომაც არის მზად, ხვალვე გაყიდოს საკუთარი სახლი და კიდევ მეორე ბინა. მე იმაზე ვღელავ, რომ ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავთ და სწრაფად არ ვმოქმედებთ", - ამბობს ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი კრის ბრაიანტი.

55 წლის აბრამოვიჩი რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაშია და ცნობილია, რომ პუტინთან დაახლოებული პირია. რამდენიმე დღის წინ ოლიგარქმა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებას გადასცემდა.

ორშაბათს აბრამოვიჩის სპიკერმა თქვა, რომ ბიზნესმენს უკრაინის მხარე დაუკავშირდა, მშვიდობის დამყარებაში თანადგომა სთხოვა და ისიც მათ დახმარებას ცდილობდა. მომდევნო დღეს, მის 15-საძინებლიან ლონდონურ სასახლესთან, რომელიც 2009 წელს 90 მილიონ ფუნტად შეიძინა, რეპორტიორების ჯგუფი მივიდა, რადგან ჭორი გავრცელდა, რომ პოტენციური მყიდველი უნდა სწვეოდა.

რუსეთის საელჩო, რომელიც ამავე "მილიარდერთა ქუჩის" დასაწყისში მდებარეობს, მომიტინგეებმა წარწერებით - "შეწყვიტეთ ჩვენი მომავლის განადგურება" ააჭრელეს.