ავტორი:

რომან აბრამოვიჩი სასწრაფოდ ყიდის დიდი ბრიტანეთის 15 საძინებლიან სასახლეს, რათა დაკისრებულ სანქციებს თავი აარიდოს

რომან აბრამოვიჩი სასწრაფოდ ყიდის დიდი ბრიტანეთის 15 საძინებლიან სასახლეს, რათა დაკისრებულ სანქციებს თავი აარიდოს

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, დიდ ბრიტანეთში ქონებას სასწრაფოდ ყიდის, რათა ფინანსურ სანქციებს თავი აარიდოს.

"მე მგონი, აბრამოვიჩი სანქციების დაკისრებას უფრთხის, ამიტომაც არის მზად, ხვალვე გაყიდოს საკუთარი სახლი და კიდევ მეორე ბინა. მე იმაზე ვღელავ, რომ ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვხარჯავთ და სწრაფად არ ვმოქმედებთ", - ამბობს ბრიტანეთის "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი კრის ბრაიანტი.

55 წლის აბრამოვიჩი რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაშია და ცნობილია, რომ პუტინთან დაახლოებული პირია. რამდენიმე დღის წინ ოლიგარქმა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებას გადასცემდა.

ორშაბათს აბრამოვიჩის სპიკერმა თქვა, რომ ბიზნესმენს უკრაინის მხარე დაუკავშირდა, მშვიდობის დამყარებაში თანადგომა სთხოვა და ისიც მათ დახმარებას ცდილობდა. მომდევნო დღეს, მის 15-საძინებლიან ლონდონურ სასახლესთან, რომელიც 2009 წელს 90 მილიონ ფუნტად შეიძინა, რეპორტიორების ჯგუფი მივიდა, რადგან ჭორი გავრცელდა, რომ პოტენციური მყიდველი უნდა სწვეოდა.

რუსეთის საელჩო, რომელიც ამავე "მილიარდერთა ქუჩის" დასაწყისში მდებარეობს, მომიტინგეებმა წარწერებით - "შეწყვიტეთ ჩვენი მომავლის განადგურება" ააჭრელეს.

კონფლიქტის ფონზე მიღებული ზომების გამოცხადებისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი ფინანსური შეზღუდვებით 120 ბიზნესკომპანია და ოლიგარქი დაზარალდება

ბრაიანტის განცხადებით, აბრამოვიჩი მისი აქტივების გაყინვის თავიდან ასაცილებლად გარკვეულ ზომებს იღებს.

წყარო: theguardian

მოამზადა ანა სიბოშვილმა