ავტორი:

"ჩვენი მეგობარი ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში, არასწორია ასეთ დროს გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ..." - რას პასუხობს კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებას?

"ჩვენი მეგობარი ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში, არასწორია ასეთ დროს გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ..." - რას პასუხობს კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებას?

"ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა" - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

კობახიძის თქმით, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურთ, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

"უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რბილად ვამბობ, არის ამ კოორდინებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ მეტს არაფერს ვიტყვი. არის მცდელობა, საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავშვებთ და არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა, ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს, რომ "ნაციონალებს“ და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია. ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის შემჩნეული იყო ღალატში, ეს რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობაა“. თქვენ ნახეთ, სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა - ამ ქვეყნების ჩამონათვალს გავაგრძელებ, არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მიზეზი არის ერთადერთი, ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი ან ისრაელი და ა.შ. ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ არავის არ გაუწვევია იქიდან ელჩი, სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით, პირდაპირი მცდელობა იყო მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩართული ვყოფილიყავით სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი.

ამ ვითარებაში, როცა უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენი მეგობარი ხალხი არის უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენ ყველაფერს ვცემთ პატივს და ბუნებრივია, არასწორია ასეთ დროს გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგებლები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია, მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა. არ იყო არც ერთი პლატფორმა, არც ერთი ფორუმი, ევროსაბჭო, ეუთო, გაერო, სადაც პრინციპულად დადგა საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის, სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ყველგან საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა საკუთარი პოზიცია. როცა ასეთ დროს იდგმება ასეთი ნაბიჯი, ეს არის ერთადერთი რამის გამოხატულება, საქართველოს ჩათრევა უნდათ ომში.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, არის ერთ მხარეს მცდელობა საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგი, ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და არ უნდა ჩავერთოთ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და მოვუწოდოთ ხალხს, რომ გამოვიდნენ, შეიკრიბონ პარლამენტის წინ, ვინ არის მომხრე, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ. თუ არის ვინმე იმის მომხრე, რომ დღეს ხელისუფლებამ ჩართოს საქართველო სამხედრო კონფლიქტში, შეგვიძლია ეს კითხვა დავსვათ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული "ნაცმოძრაობას“ სურს.

მან რამდენჯერმე დააკონკრეტა, რომ კოორდინაციაში ზელენსკისა და "ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს არ გულისხმობს.

"ჩვენ არ ვართ ბრიყვები, რომ ასეთი სისულელე ვთქვათ. განვმარტე მკაფიოდ, რომ აქ ამ ორ მხარეზე არ არის საუბარი და ასევე გითხარით ის, რომ ამის მეტს მე არაფერს ვიტყვი“, - განაცხადა კობახიძემ.