ავტორი:

მაგდა ვასაძე: "ჩემს შვილს უდანაშაულო მამა მოუკლა უკრაინაში ამ ვერაგმა ხალხმა" -  რუსეთის მიერ კიევის შემოგარენის დაბომბვას ქართველი მამაკაცი შეეწირა

მაგდა ვასაძე: "ჩემს შვილს უდანაშაულო მამა მოუკლა უკრაინაში ამ ვერაგმა ხალხმა" -  რუსეთის მიერ კიევის შემოგარენის დაბომბვას ქართველი მამაკაცი შეეწირა

მომღერალმა მაგდა ვასაძემ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მის შვილს უკრაინაში მამა მოუკლეს.

"ჩემს შვილს უდანაშაულო მამა მოუკლა უკრაინაში ამ დამპალმა და ვერაგმა ხალხმა… მეზიზღებით!!! დატოვეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მამა“, - ასე გამოხატა მომღერალმა მწუხარება მომხდარის გამო.

ambebi.ge ამ ტრაგედიაზე მაგდა ვასაძეს ესაუბრა:

- დაიღუპა ჩემი შვილის მამა, ასლან ბოლქვაძე. ჩვენ დაახლოებით 10 წელია, რაც დაცილებულები ვართ და ის ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინაში, კიევის შემოგარენში ცხოვრობდა... გუშინ გავიგეთ, რომ დაჭრილი იყო. წაიყვანეს საავადმყოფოში, ორი ოპერაცია გაუკეთდა. სისხლი სჭირდებოდა, რადგან დიდი რაოდენობით დაკარგა, მაგრამ სისხლს ვერ შოულობდნენ. ბოლოს იშოვეს და გადაუსხეს. გვითხრეს, - შედარებით უკეთ არის და ილოცეთო... ამის შემდეგ, დღეს დილით რა მოხდა, არ ვიცი. მოსაკითხად რომ დავრეკეთ, უკეთეს მდგომარეობას ველოდით და სამწუხაროდ, გვაცნობეს, რომ გარდაიცვალა.

- საბრძოლო მოქმედებებში იყო ჩართული?

- ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა იქ, შესაბამისად, ღამით ბუნკერში ჩადიოდნენ და დღისით შინ იყვნენ. როგორც ვიცი, მათ ყველას თავის დასაცავად იარაღი დაურიგეს. ამიტომ, გვეუბნებოდა, არ შეგეშინდეთ, თავს დავიცავთო. სახლი დაბომბეს და ამიტომ დაიჭრა, თუ როდის მოხდა ეს, ზუსტად არ ვიცი.

- მისი ოჯახის წევრები როგორ არიან?

- ისინი კარგად, სავარაუდოდ, თვითონ იყო გარეთ გასული. ხომ გეუბნებით დეტალურ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობ. ახლა მივდივარ ბათუმში, რომ ბავშვთან ერთად ვიყო და შესაბამისად ყველაფერს იქ უკეთ გავიგებ.

- ბათუმელია ისიც?

- კი. დაცილებულები კი ვიყავით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვმეგობრობდით. რაც ომი დაიწყო, სულ ვურეკავდი, მქონდა კონტაქტი, ყოველდღე ვეხმიანებოდი, დღეში რამდენჯერმე ვკითხულობდი, როგორ იყვნენ. მეუბნებოდა, - მთელი ღამე ბომბავდნენ იქაურობას, მაგრამ ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულოთო.