ხშირად ვყვები ხოლმე ჩემს კიეველ უკრაინელებზე, რომლებიც 2008 წელს, აგვისტოს ომამდე 10 დღით ადრე ერთ-ერთი მათგანის - ხელოვანისა და მუსიკოსის - ანა კოჟინოვას სიზმარმა ჩამოიყვანა საქართველოში და მას შემდეგ მათი ბედი სამუდამოდ გადაეჯაჭვა საქართველოსა და ქართველებს.
2007 წელს ანას ულამაზესი მთები დაესიზმრა. ერთ-ერთის წვერზე იდგა და მოპირდაპირე მხარეს ულამაზესი ყვავილებით მორთულ მთასა და მონასტერს უყურებდა. ამ დროს ხმა ჩაესმა: ეს საქართველოა, შენ წინ კი - წმინდა გიორგის მამათა მონასტერი. კიევ-პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრიდან წაიღე ღვთისმშობლის ხატი და საქართველოს ამ მონასტერში დააბრძანე. ილოცე, რომ საქართველოში ომი არ იყოსო... ანა არც ეკლესიურად ცხოვრობდა და არც საქართველოზე იცოდა რამე, მაგრამ ნელ-ნელა ინტერნეტში მოიძია ინფორმაციები, მაგრამ სიზმრად ნანახ მონასტერს ვერსად მიაკვლია. წამოსვლაზე იმხანად არ უფიქრია, თუმცა როდესაც გაერკვა, რატომ და ვისთან შეიძლებოდა საქართველოს ომი ჰქონოდა, მიხვდა, რომ რაღაც მისია ეკისრა და მომდევნო წელს მეუღლე გენადისთან და მოსწავლე გიორგისთან ერთად სიზმრად ნანახის საძებნელად საქართველოში ჩამოვიდა. სამდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ რუსთაველზე გაისეირნეს და შემთხვევით ქაშვეთის ეკლესიასთან მოხვდნენ. იქ შეხვდნენ დეკანოზ ვახტანგ სარდლიშვილს და სწორედ მან ამოიცნო, რომ ანას სიზმრად ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი ჰქონდა ნანახი. ლომისისკენ 2008 წლის 21 ივლისს, გამთენიას, ღვთისმშობლის ხატით გაეშურნენ და მონასტერში ფეხით ავიდნენ... მერე მიამბობდა, - სული შემეგუბა, გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა, დავმუნჯდი და ცხარე ცრემლით ავტირდი: ეს ის იყო, ჩემი სიზმარი! ხატი შევაბრძანეთ და ვილოცეთ, როგორც შეგვეძლო და როგორც ვიცოდით საქართველოსთვის, მშვიდობისთვის, ადამიანების სიყვარულისთვის. უცებ ვიგრძენი, რომ ღმერთი იქვე, ჩემ გვერდით იყოო... ისინი კიევში დაბრუნდნენ, ერთ კვირაში კი საქართველოში ომი დაიწყო... ანა სულ დარდობდა, მე რომ იმავე წელს ჩამოვსულიყავი, იქნებ ეს არ მომხდარიყოო. ასე დაიწყო მათი და საქართველოს მეგობრობა, ხშირად ჩამოდიოდნენ და მოჰყავდათ შვილები და მეგობრები, უკრაინელი წყვილები ქაშვეთში იწერდნენ ჯვარს, ნათლავდნენ შვილებს და ჩვენც დავნათესავდით - ანას შვილის მეჯვარე და შვილიშვილის ნათლია ვარ, კიდევ ერთი მეგობრის შვილის ნათლიაც გავხდი... ახლა უკვე ერთმანეთის უახლოესი ადამიანები ვართ.
რას წარმოიდგენდნენ ჩემი მეგობრები, რომ 2014 წელს რუსეთი მათაც დაუპირისპირდებოდა და ტერიტორიას წაართმევდა. დღეს კი ჩემი უკრაინელები ისევ დიდ განსაცდელში აღმოჩდნენ და მათი მტერი ისევ რუსეთია, ბრძოლა კი - მეტად დაუნდობელი. ერთად ვათენებთ ღამეებს მიწერ-მოწერით და ვცდილობ, აქედან როგორმე გავამხნევო, ისინი კი მუდმივად მიყვებიან, რა ხდება უკრაინაში, კიევში, მათ თავს და მეც ვცდილობ, მათი ამბები სხვებსაც ვუამბო. ამ დილით ანასგან, რომელიც რძალთან, შვილიშვილთან და ჩვენს საერთო, ბავშვებიან სამეგობროსთან ერთად კიევთან ახლოს სოფელშია, მაგრამ თითოეულს ოჯახის წევრები კიევში ჰყავს, ვრცელი მესიჯი მივიღე, ერთდროულად სევდითა და იმედით სავსე და ვერ მოვითმინე, თქვენთვის არ გამეზიარებინა.
ანა კოჟინოვა:
"დილა მშვიდობისა. მთელი ღამის განმავლობაში არაფერი ვიცოდი ჩემების შესახებ. კიევს ბომბავდნენ:
1:03 საათზე
2:03 საათზე
2:59 საათზე
4:00 საათზე
4:59 საათზე
ძალიან ძლიერი დარტყმები იყო. სხვა ქალაქებიც იბომბებოდა. ხალხი ისე დაიღალა ამით, სოციალურ ქსელებში უკვე ხუმრობენ, კარგით, რა, დაგვაძინეთ, რა დაგემართათ, თქვენი დედაცო... არაფრით მეძინება. შიშის გრძნობა არ მაქვს.
უკრაინა ის სახელმწიფოა, რომელიც რუსებს თრგუნავს. არც მშვიდობიან მოსახლეობას და არც მეომრებს არაფრის ეშინიათ. ჰოდა, აბა, რას გახდები შენი რაკეტებთ, ბომბებით და ტყვიებით, როდესაც აქ ასეთი უშიშროებაა გამეფებული! ადამიანები უშიშრად კვდებიან და მაშინვე გმირები ხდებიან. რაღაც საოცარი ატმოსფეროა, ადრენალინი... გაუგებარია, რა სიღრმიდან ამოდის უძლეველობის განცდა, რომელიც რვა წლის განმავლობაში დააგროვა სიბრაზემ და სამართლიანობის მოთხოვნამ.
უკრაინა რუკაზე რუსეთთან შედარებით პატარაა, მაგრამ ის სასწაულებს ახდენს. ომმა ყველა გააერთიანა, ომმა ყველა შეადუღაბა. მან არავითარი შანსი არ დაუტოვა მოროდიორებს, პრორუს მფარველებსა და მოღალატეებს.
ბედნიერი ვარ, რომ უკრაინაში ვცხოვრობ... რომ ასეთ ხალხში ვცხოვრობ. ეს თავისუფლების ჰაერია, ეს ნამდვილი, ძლიერი ხალხია. თბილისიდან ჩვენმა მოძღვარმა - მამა ვახტანგმა (ქაშვეთის ტაძრის დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი - ი.ხ.) დაგვირეკა. ჩვენთვის ლოცულობს. მითხრა, - დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ვიციო. და მეც მჯერა.
თითოეულ ჩვენგანს ესიზმრებოდა ომი - ვიკასაც, მაშასაც და მეც (ვიკა სტანისლავივნა და მარია ფილიპოვა - ანას ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები და ნათესავები - ი.ხ.). სიზმარში მფრინავი მოიერიშე თვითმფრინავები ვნახე, ასევე - მეტროს სიახლოვეს ჩამოგდებული, ჭურვებით დანგრეული კონკრეტული სახლებიც. მაგრამ ეს სიზმარი იყო. მსგავსი რამ ასე, პირისპირ, ჯერ არასდროს მინახავს. ქალაქიდან მაშინ გავედი, როდესაც ჯერ კიდევ შედარებით მშვიდი გარემო იყო... ერთი თვის წინ ასეთი ფრაზა დამებადა გონებაში და შვილებს ვუთხარი: - თუ ომი დაიწყება, ქვეყანა არ უნდა დავტოვოთ, თორემ გამარჯვების დიდებას ვერ გავიზიარებთ და თავს ჭეშმარიტ უკრაინელებად ვერ მივიჩნევთ. მალე აქ დაიბადება ახალი სამყარო-მეთქი... და ასეც ხდება.
ახლა, როცა ყველაფერი დაიწყო, ასეთი აზრი გამიჩნდა, თითქოს ვიღაცამ მიკარნახა: - ომი გაგრძელდება 7 დღე, ისევე, როგორც სამყაროს შექმნას დასჭირდა 7 დღე. გარდამტეხი იქნება მე-5 დღე (და ეს არის დღეს) და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთო. მე მჯერა, რომ ეს მოხდება. ეს საშინელი ღამე ყველასთვის გარდამტეხი მომენტია. დღეს რაღაც მოხდება. რუსები დაიწყებენ გაქცევას, მოწყალების თხოვნას და ამას მთელი მსოფლიო ნახავს. მუსიკალურ ჯგუფ Okean Elzy-ს აქვს სიმღერა Обійми - "ჩამეხუტე“. იგი იწყება სიტყვებით: "დადგება დღე, ომი დამთავრდება...“ ეს წინასწარმეტყველური სიმღერაა (უკრაინელ როკ-მომღერალ სვიატოსლავ ვაკარჩუკს ბევრი წინასწარმეტყველური სიმღერა აქვს) და ეს დღეც მალე დადგება.
ჩვენ შევხვდებით უკვე სხვაგვარ გაზაფხულს და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული. მეორე მსოფლიოს მასშტაბის დღესასწაული კი პუტინის სიკვდილით დასჯის დღე იქნება. ამ დღეს სატანის გაძევების დღე დაერქმევა. და უკრაინას პატივს მიაგებენ ისევე, როგორც ოდესღაც სსრკ-ს, რომელმაც ომი მოიგო. და ყველა დაივიწყებს 9 მაისს და ომის 4 წელიწადს, რადგან უკრაინის ეს ომი 7 წელიწადს გაგრძელდა, იმიტომ, რომ აქ თითო დღე ერთ წელიწადს უდრიდა. გეფერები, ჩემო საყვარელო დაო. ღმერთმა ქნას, რომ ყველა ცოცხალი გადარჩეს.
და ღმერთმა ქნას, მათ, ვინც ახლა იღუპება, ადგილი დაიმკვიდრონ სამოთხეში.
პ.ს. გიგზავნი ორი ფოტოს კოლაჟს - ერთზე ვლადიმერ პუტინია თავის ქვეშემრდომთან ერთად, მეორეზე კი - უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან ერთად - ხედავ, ორი რადიკალურად განსხვავებული რეალობაა? აი, ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ!"
ავტორი: ირმა ხარშილაძე