ავტორი:

"გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი აშშ-ს მხდალს უწოდებს" - ხატია დეკანოიძე

"გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი აშშ-ს მხდალს უწოდებს" - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საჯარო ფეისბუქ-კომენტარში აშშ-ს მხდალს უწოდებს.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, მაღალჩინოსნის ეს კომენტარი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. დეკანოიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა სანქციები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს.

"გუშინ ღარიბაშვილმა ყველაზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თურმე პრეზიდენტი ზელენსკი წამოეგო პროვოკაციას და ომი თავიდან ვერ აირიდა. უფრო მეტიც, სანამ თქვენამდე მოვიდოდი, ვკითხულობდი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის საჯარო ფეისბუქ-კომენტარს, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატუსის ქვეშ. გიორგი ბადაშვილი პირველი, ადანაშაულებს აშშ-ს, რომ ისინი არიან მხდალები, მეორე, ამბობს, რომ უკრაინელი ხალხის 90% გაიქცა და ეს უკრაინელი ხალხი შეურაცხყოფაა. მესამე, ამბობს, რომ თურმე, უკრაინას მალე აიღებს რუსეთი.

ვფიქრობ, ეს არის რეალურად ხელისუფლების პოზიცია, ამ "ფეისბუქ-პოსტის" შინაარსი ძალიან მალე ეცოდინებათ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, თუ როგორ ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება და ძალიან მალე ეცოდინებათ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ეშელონის წარმომადგენელი აშშ-ს უწოდებს მხდალებს. ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დღეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინელმა ხალხმა გუშინ ძალიან კარგად გაიგო, თუ ვინ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით - თქვენ, ჩვენ და ჩვეულებრივი მოქალაქეები, ეს არის მნიშვნელოვანი",- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებას გამოეხმაურა.

"მოდი დაფიქრდით 3.5- მილიონიან ქვეყანას რა სანქციის თავი გვაქვს და მერე ვილაპარაკოთ. ჩვენც არ მოგვწონს და გვეზიზღება ოკუპანტი რუსეთი, მაგრამ როცა მთავარი პარტნიორი მხდალი გყავს და უიმედოდ ხარ, შენ თავი ხელში უნდა აიყვანო და ზედმეტი არ წამოგცდეს“, - წერს ბადაშვილი.

ის ასევე კითხვას სვამს, თუ რა სანქცია უნდა გამოიყენოს საქართველომ. „რა უნდა ქნას ქვეყანამ, ღვინო აღარ გაყიდოს, მანდარინი, თუ ფულად გზავნილებზე უნდა თქვას უარი? რატომ გვაქვს ამხელა ამბიცია?“ - წერს ბადაშვილი.