პუტინის რუსეთი დღემდე ვერ თავისუფლდება იმპერიალისტური ვნებებისგან, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო. ის საკუთარ ამბიციებს დრო და დრო დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციითა და ტერიტორიების მიტაცებით იკმაყოფილებს. სულ ახლახან, უკრაინაში შეჭრამდე, დამპყრობელმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში რუსეთის იმპერიალისტური დოქტრინა ჩამოაყალიბა და აღნიშნა, რომ ლენინამდე არც ერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა არ არსებობდა, ისინი ლენინმა შექმნა, რაც დიდი შეცდომა იყო და დასძინა, რომ სსრკ-ს შექმნით რუსები "ნამეტანი დაიჩაგრნენ“. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ მის სიამაყედ კვლავ რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება რჩება და გამოკვეთა სურვილი, ისევ "დაიჩაგროს რუსეთი“ - პირდაპირ არ ამბობს, თუმცა დასავლეთიც მიხვდა მის ქვენა ზრახვას, რასაც სსრკ-ს ძველ საზღვრებში აღდგენა ჰქვია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს მუდმივად ისტორიული ტერიტორიების კონტექსტში მოიხსენიებს და ყველა გამოსვლაში, შეიძლება ითქვას, ისტორიას ახლად წერს. ეს აბსურდული სცენარი, სავარაუდოდ, მხოლოდ მისთვის და რუსეთის მოსახლეობისთვის იწერება, რომელსაც პრეზიდენტის ზღაპრების სჯერა.
საქართველო რუსეთისთვის საოცნებო ქვეყანათა სიაში დღეს არ შესულა. როგორ გავხდით რუსეთის "ისტორიული ტერიტორია“ 101 წლის წინ, როგორ დაგვიპყრო ბოლშევიკურმა რუსეთმა, რომელიც პატარა სახელმწიფოების დაპყრობას ადგილზე მუშურ-გლეხური სახელმწიფოს შექმნის სურვილად ასაღებდა, ამაზე სხვა, უფრო მართალი ისტორია ჰყვება.
დღეს 25 თებერვალია - წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღე და ამას ვერავინ და ვერაფერი გადაწერს... 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი დაიწყო.
23 თებერვალს, ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლაში 21 პირტიტველა იუნკერი დაიღუპა, რომელიც სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში ასვენია (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).
24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.
25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.
1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. ამით დასრულდა საქართველოს საოცნებო სამწლიანი დამოუკიდებლობაც...
საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად, წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდნენ.
1921 წელს საქართველოს ანექსია ბოლშევიკური აგრესიით მოხდა და იგი მალე საბჭოთა კავშირის ნაწილად აქციეს. ტოტალიტარი მმართველი ამას არ დასჯერდა და ყველა შესაძლო საშუალებით საქართველოს უახლესი ისტორიის გაუფერულებას შეეცადა. საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდით, შავი პიარით, საბჭოური მითებითა და ძალდატანებით შეცვლილი მოგონებებით ცდილობდა საზოგადოების მეხსიერებაში გაექრო დამოუკიდებლობის 3 წელი და მისი სიდიადე. ამის შემდეგ დღესასწაულად არა 26 მაისი, არამედ 25 თებერვალი იქცა, როგორც მენშევიკური დიქტატურისგან გათავისუფლების დღე. თავად "მენშევიზმი“ კი სახელმწიფოს მტრობის ტოლფას ცნებად გამოცხადდა.
70 წელს გაგრძელდა დამოუკიდებლობის გარეშე საქართველოს ცხოვრება, რაც სავსეა მსხვერპლით, არნახული რეპრესიებთ, ცრემლითა და ჩვენი უფლების აბსოლუტური ხელყოფით.
ისტორიის ამ შავი ფურცლების წაკითხვაში დახმარება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დიმიტრი შველიძეს ვთხოვეთ, რომელიც საუბარს იმით იწყებს, როგორ დაიწყო აღდგენა თითქმის სიკვდილის პირას მისულმა საბჭოთა რუსეთმა.
"1921 წლისათვის, რუსეთის სახელმწიფო წარმოადგენდა, როგორც თვითონ ამბობდნენ, სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას, რაც, თავისთავად, იძლეოდა გარკვეულ საფუძველს, რომ ეს სახელმწიფო რაღაცით განსხვავებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ადრინდელი, მონარქისტული სახელმწიფოსგან, იმპერატორების რუსეთისგან. იყო ასეთი მოლოდინები, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1917-1918 და შემდგომ წლებში (როცა რუსეთში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა და საბჭოთა რესპუბლიკამ საბოლოოდ გაიმარჯვა), თითქმის სიკვდილის პირას მისული საბჭოთა რესპუბლიკა უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. 1918 წელს საბჭოთა რუსეთი ისე იყო შევიწროებული, რომ მისი ერთ-ერთი ლიდერი ლევ ტროცკი ამბობდა, - ჩვენ უკვე, ფაქტობრივად, მკვდრები ვართ და ახლა ის დროა, კუბო შევუკვეთოთო. მაგრამ ისტორიის მუზამ ისე ინება, რომ რუსეთი გადარჩა და დაიწყო იმპერიის აღდგენის პროცესი - ჯერ ცენტრალურ რუსეთს დაეუფლა, მერე გადმოვიდა ევროპის ტერიტორიაზე (უკრაინა, ბელორუსია, ბალტიისპირეთი), მათი დამორჩილების შემდეგ მოადგა ჩრდილოეთ კავკასიას, იქაც შევიდა და ე.წ. საბჭოთა წყობა დაამყარა. ეს დაპყრობა სხვანაირად საღდებოდა და სხვანაირი ფორმულირების მატარებელი იყო - რა თქმა უნდა, იმას არ ამბობდნენ, ჩვენ უნდა დავიპყროთ და ოკუპაცია მოვახდინოთო, არამედ ეგიდით - მშრომელთა ხელისუფლება უნდა დავამყაროთო. ფაქტობრივად, ეს პროცესი არაფრით განსხვავდებოდა ძველი რუსეთისგან იმიტომ, რომ შემოდიოდა ჯარი, იპყრობდა ტერიტორიებს, ანადგურებდა და ჟლეტდა მოწინააღმდეგეებს. ასეთი დაპყრობით, ექსპანსიით, მოადგა რუსეთი სამხრეთ კავკასიას", - გვეუბნება ისტორიკოსი.
ცნობისათვის:
1921 წლამდე რუსებმა საქართველოში სამჯერ სცადეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, მაგრამ სამჯერვე დამარცხდნენ, ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა არსებულ ხელისუფლებას. საქართველოს დამოუკიდებლობა სცნეს როგორც ევროპის სახელმწიფოებმა, ასევე საბჭოთა რუსეთმაც (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით). მაშინ რუსეთს საქართველოს დამორჩილება არ გამოუვიდა და ამიტომ მიმართა უკანასკნელ ზომას - არმიის შემოსვლას საქართველოში. აქ უკვე აღარ იყო თამაშები მშრომელი ხალხის ხელისუფლების დამყარებაზე, ეს იყო პირდაპირ არმიის შემოსვლა, ჩვეულებრივი დაპყრობა, რომელიც პირველად 1801 წელს განხორციელდა..
1921 წლის 11 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთი იწყებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, თუმცა მოსკოვი რადიოთი აუწყებს მსოფლიოს, რომ საქართველოში აჯანყება დაიწყო ლორეს ხეობაში, რომელიც საბჭოთა სომხეთის პროტესტის მიუხედავად საქართველოს ეკავა.1921 წლის თებერვლისათვის აზერბაიჯანიც გასაბჭოებულია და - სომხეთიც, რეგიონში თავისუფლების კუნძულად შემორჩენილია მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
"11 თებერვალს "აჯანყდნენ“ ბორჩალოს "სომხები“, გარეკეს ჩვენი ჯარი, დაატყვევეს ბევრი. ერთი სიტყვით, ვიწვნიეთ მოულოდნელი სამარცხვინო დამარცხება“, - ასე იხსენებს ნოე ჟორდანია რუსეთთან ომის დაწყებას მოგონებების წიგნში. ამასობაში "ამბოხებულებს“ შეიარაღებულ მხარდაჭერას უცხადებს მოსკოვი.
15 თებერვალს ვლადიმერ ლენინი აძლევს მითითებას კავკასიის ფრონტის მე-11 წითელ არმიას, რომ შეიარაღებული დახმარება გაუწიოს ბოლშევიკურ ამბოხებას საქართველოში და აიღოს თბილისი. მეორე დღესვე, მე-11 არმიის ნაწილები გენერალ ანატოლი გეკერის სარდლობით კვეთენ საქართველოს საზღვარს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, იკავებენ წითელ ხიდს, სოფელ შულავერს და მიიწევენ თბილისის მიმართულებით.
16 თებერვალს მე-11 წითელი არმიის მსროლელთა სამი და საბჭოთა სომხეთის ერთი ცხენოსანი ბრიგადა, ქართველ ბოლშევიკებთან ერთად იკავებენ სოფელ შულავერს, სადაც იქმნება რევოლუციური კომიტეტი ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით, რომელიც 18 თებერვალს აცხადებს საბჭოთა ხელისუფლებას და მიმართავს საბჭოთა რუსეთს დახმარებისათვის.
"ამას ხელი შეუწყო სავსებით ფორმალურმა ამბავმა, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ვითომ სამხრეთ საქართველოში, ქვემო ქართლში სომხეთის მომიჯნავე რეგიონში ჩამოყალიბდა რევოლუციური კომიტეტი, რომელშიც 9-10 კაცი შედიოდა, დაფინანსებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ, რუსი სამხედრო კონსტრუქტორებით იყო დაკომპლექტებული. იქ უკვე იმყოფებოდნენ საბჭოთა არმიის ნაწილები, რომლებმაც ჯერ აზერბაიჯანი გაასაბჭოეს და მერე სომხეთი დაიპყრეს. ამ ქვეყნებში საბჭოთა არმიას წინააღმდეგობა არ შეხვედრია, შეიძლება ითქვას, რომ გაისეირნა და ისე დაიპყრო სომხეთი და აზერბაიჯანი. ამ ქვეყნებში სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის ინსტიტუტი არ იყო ძლიერი საუკუნეობრივად, საქართველო იყო ერთადერთი, სახელმწიფოებრიობის ტრადიციების მატარებელი ქვეყანა, რომელიც სრულიად მოულოდნელად, იარაღით დახვდა საბჭოთა რუსეთს. მართალია, ეს არ იყო იმ ზომისა და წონის, როგორიც მოწინააღმდეგის - რუსეთის არმიაში სულ ცოტა, 40 ათასი ჯარისკაცი შედიოდა, ამას ემატებოდა სომეხი და აზერბაიჯანელი ე.წ. მოხალისეები, ანუ უკვე დამორჩილებული ქვეყნების სამხედრო ნაწილები. საქართველოს ხელისუფლებამ ამ უზარმაზარ, ყელამდე შეიარაღებულ ძალას დაუპირისპირა მაქსიმუმ, 15 000-მდე ჯარისკაცი, მაშინდელ სახელმწიფოს მეტიც შეეძლო, მაგრამ შეიარაღება არ ჰქონდათ სათანადო“,- ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე და მაშინდელი ევროპის დამოკიდებულებაზეც საუბრობს:
"იმხანად დასავლეთს არ ჰქონდა არც სამხედრო, არც ფინანსური რესურსი, რითაც საბჭოთა რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევდა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მაშინდელი ევროპა პირველი მსოფლიო ომისგან გადაღლილი და დასუსტებული იყო (2-3 წელი იყო გასული). მეტყვით, რუსეთმაც ხომ იომა მსოფლიო ომში, ის არ იყო დასუსტებულიო? საქმეც ამაშია, რომ რუსეთი რაც უნდა დასუსტებული იყოს, მას ყოველთვის აქვს სამხედრო რესურსი, მით უმეტეს, საბჭოთა რუსეთმა სწრაფად მოახდინა ტრანსფორმაცია და შექმნა ძლიერი ჯარი, რომელიც ყელამდე შეიარაღებული, მაგრამ გაძვალტყავებული იყო, ტანსაცმელიც არ ეცვათ. 25 თებერვალს, როცა რუსი ჯარისკაცები აქ შემოვიდნენ, ჩექმას და ტანსაცმელს ადგილობრივი ხელისუფლების ძარცვით შოულობდნენ. მაგრამ საქმეც მაგაშია - რუსეთს შეუძლია იშიმშილოს, გაძვალტყავებული იყოს, მაგრამ ის მაინც დაპყრობაზე იფიქრებს. ამით განსხვავდება რუსეთი სხვა ცივილიზებული სამყაროსგან. ეს არის ბარბაროსული უზარმაზარი წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება საკუთარი ხალხისთვის საჭმელ-სასმელი არ ჰქონდეს, მაგრამ დაპყრობა ყოველთვის შეეძლება და ესურვება. ეს რაღაც აბსოლუტურად სხვა ფენომენია“.
23 თებერვალს, სამაგალითო გმირობა გამოიჩინეს სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და იუნკრებმა, რომლებიც თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში იბრძოდნენ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი.
ქართულმა არმიამ, როგორც შეეძლო, ვაჟკაცურად იომა. იუნკრებმა მთელი თავისი სიცოცხლე უყოყმანოდ დადეს სამშობლოს სამსახურში და ამ რამდენიმე ასეულმა კაცმა არ მისცა საბჭოთა არმიას მისი პოზიციები დაეპყრო. დაკარგეს პოზიციები, მეორე დღეს დაიბრუნეს, დაკარგეს, ისევ დაიბრუნეს ისე, რომ ერთი გოჯი მიწა არ დაუთმიათ.
თბილისის დამცველებმა მოიგერიეს წითელი არმიის ორი იერიში და 23 თებერვლისთვის მტერი თბილისის მისადგომებიდან უკუაქციეს. სოღანლუღთან ბრძოლაში მოკლეს 530 და ტყვედ აიყვანეს 1600 მტრის ჯარისკაცი, შესაბამისად, საბრძოლო სულისკვეთება მაღალი იყო როგორც სამხედრო ნაწილებში, ასევე საზოგადოებაში, საბრძოლო წარმატებებისა და მაღალი საბძოლო სულისკვეთების მიუხედავად, საქართველოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მაინც მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. ქართულმა ჯარმა თბილისი მართლაც მოულოდნელად, 24-25 თებერვლის სუსხიან ღამეს დატოვა.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი 25 თებერვალს, გათენებამდე დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს. უმეტესი ნაწილი მოქალაქეებისა დარჩა ქალაქში, არადა დიდი იყო შიში და მოლოდინი იმისა, რომ მე-11 არმია დაიწყებდა ქალაქის დარბევას და ძალადობას. ქუჩები, როგორც წესი, უკაცრიელი იყო. "ცისფერყანწელ“ კოლაუ ნადირაძის ლექსში "25 თებერვალი“, საქართველოს გასაბჭოების მემატიანედ და განუყოფელ ნაწილად იქცა. მასში ის ხასიათი და ემოციაა გადმოსცა, რომელიც იმ დღის თბილისს აღწერდა:
"თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."
თბილისი ამ დღეს დუმდა, და რა თქმა უნდა, სხვა არაფერი შეეძლო...
დიმიტრი შველიძე გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებას - თბილისის ჩაბარებას საბედისწეროს უწოდებს:
"თავად გენერალი ამას ასე ხსნიდა: "საჭირო იყო დაუყოვნებლივ მოქმედება“. ერთი დღით ადრე მტერი ასევე გამოჩნდა ნახშირგორასთან, საიდანაც თავისუფლად შეეძლო სოფელ დიღომის დაკავება, რაც ავჭალის აღების გათვალისწინებით, თბილისის სრულ ალყაში მოქცევას, მთელი ჯარისა და მთავრობის აპარატის დაღუპვას გამოიწვევდა. ეს ნიშნავდა ომის დასრულებას. ბოლოს, ხელჩართულ ბრძოლაზე მივიდა საქმე, სადაც გმირულად დაიღუპნენ შალვა ერისთავი, ოთარ ლორთქიფანიძე, ჯანდიერი და სხვები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოდნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი - როცა სამჯერ მეტი მოდის მტერი, მისთვის დანაკარგი არაფერია, ის 40 - ათასიანი არმია რომ გაწყვეტილიყო, საზღვარს მეორე 40 - ათასიანი მოადგებოდა, ვინაიდან მოსკოვის ხელისუფლებას, გინდ მონარქისტული ყოფილიყო, გინდ - საბჭოთა, საკუთარი ხალხი, ცოცხალი რესურსი არასდროს ენანებოდა.
"გენერალმა კვინიტაძემ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება საბოლოოდ მაინც დავმარცხებულიყავით, მაგრამ თბილისი არ უნდა ჩაებარებინა. ის, რა გადაწყვეტილებაც მან მიიღო, თავისთავად, მარცხს ნიშნავდა. სამხედრო თვალსაზრისით, რუსული არმიის მეთაური იყო გენერალი გეკერი, რომელიც მერე წერდა, გენერალმა კვინიტაძემ გენიალური გადაწყვეტილება მიიღოო. ქართული არმია ექცეოდა ალყაში, იყო ამის საშიშროება და ის ადრე თუ გვიან, დამარცხდებოდა, მაგრამ პოზიციის და თბილისის დატოვება, მაინც გაუმართლებლად მიმაჩნია. შეიძლება შემომედავონ, რომ ცოცხალი ძალა შეინარჩუნაო, მაგრამ რისთვის? ცხადია, რომ მის გადაწყვეტილებას არც ერთი გენერალი არ დათანხმებია - არც ოდიშელიძე, არც მაზნიაშვილი და სხვები. ისინი მხოლოდ დამორჩილდნენ“, - გვეუბნება დიმიტრი შველიძე.
წყაროების თანახმად, თბილისის დატოვების წინააღმდეგი იყო როგორც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ასევე მთავრობის მაშინდელი მეთაური ნოე ჟორდანიაც, რომელიც მონოგრაფიაში "ჩემი წარსული“ წერდა:
"ვედავებოდი, ვაჩერებდი, არ გადადგა ასეთი ნაბიჯი-მეთქი... მოვსთხოვე მიზეზი, გამარჯვებული ჩვენ ვართ, უკან იხევს ჩვეულებრივათ დამარცხებული თქვა. მან მიპასუხა: ეს თეორიაა, საქმეს წყვეტს კონკრეტული მდგომარეობა, ჩვენ შემოქალტული ვართ, გზა მოჭრილია. რჩება ერთი ბილიკი - მცხეთისკენ მიმავალი გზა და თუ ამეღამ ვერ გავასწრებთ, ხვალ იძულებული ვიქნებით ტყვედ ჩავბარდეთო“.
ქართველთა მეხსიერებას შავ ლაქად შემორჩა ელვა-ტელეგრამა, რომელიც პოლიტბიუროს წევრმა სერგო ორჯონიკიძემ 25 თებერვალს აფრინა კრემლში: “მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”
ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს რევკომმა მალევე გამოსცა პირველი ბრძანება, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს საგანგებო კომისია - "ჩეკა“, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ელისაბედაშვილი, ახალი თაობის ბოლშევიკი, თუმცა ის არასრულ ერთ თვეში შეცვალა გამოცდილმა ბოლშევიკმა კოტე ცინცაძემ.
"ორჯონიკიძეები და მახარაძეები ალბათ იდეალისტები იყვნენ და ბრმა მონები. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ მათგანს, ბოლშევიკებს სჯეროდათ, რომ მართალ საქმეს აკეთებდნენ. ისეთ გაუნათლებელ კაცს, როგორიც სერგო ორჯონიკიძე იყო, შესაძლოა სწამდა, რომ რუსეთი მართლა მუშურ-გლეხურ ქვეყანას ააშენებდა. სხვათა შორის, ფილიპე მახარაძეს სწამდა და ქართველი კომუნისტები აჯერებდნენ თავის მრევლს, რომ საქართველო ისევ დამოუკიდებელი იქნებოდა და მას "თითით არავინ შეეხებოდა“. გასაბჭოებიდან ორი კვირის მერე, 8 მარტს ფილიპე მახარაძემ ლენინს მისწერა წერილი, სადაც წერდა, - აქ მე-11 არმიის შემოსვლა ოკუპაციას დაემსგავსაო. ამ ტექსტში თითქოს იმედგაცრუებული ადამიანის პათოსი შეიმჩნევა. შეიძლება ვიღაცეებს დამოუკიდებლობის კიდევ სჯეროდათ, მაგრამ გავიდა 1-2 წელი და ყველა დარწმუნდა, რომ ე სიყო ჩვეულებრივი ოკუპაცია. ეს მართლაც იყო ერთი დიდი სახელმწიფოს მიერ პატარა ქვეყანაზე განხორციელებული ძალმომრეობა და ეს შემდგომმა ისტორიამ დაამტკიცა“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.
18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, პოლიტიკური პარტიების მეთაურები და მაღალი ჩინის სამხედროების ნაწილი ბათუმის ნავსადგურიდან ტვებენ საქართველოს ფრანგული და იტალიური გემებით - "კირალი“, "ვესტა“ და "მარია“.
19 მარტს ბათუმში შედის მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია. საქართველოს რევკომი და რუსეთის წითელი არმია სრულად აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიას
"მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა ვერ შევინარჩუნეთ, ხუთი კვირის განმავლობაში ვებრძოდით რუსეთს და უბრძოლველად არ შემოვუშვით, მაშინ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა თითო დღეში დაკარგეს დამოუკიდებლობა. ამასთანავე, ვიბრძოდით შეზღუდული რესურსებით - როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო თვალსაზრისით. ასევე, მოვიგეთ ცალკეული ბრძოლები, გვქონდა კონკრეტული გმირობის მაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა, კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის ბატალიონისა, რომელმაც რუსული ტანკები მოიგერია და სხვ.
გვაქვს გმირობის მაგალითი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტის, ფრონტზე მოხალისედ წასული მოწყალების დის, 20 წლის მარო მაყაშვილის, რომელიც ჭურვის ნამსხვრევებით სასიკვდილოდ დაიჭრა თავში“, - გვეუბნება დიმიტრი შველიძე.
ისტორიკოსი საქართველოს 70 წლიან ოკუპაციაზე:
"დღესაც არის საქართველოში საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მისტირის საბჭოთა საქართველოს და საბჭოთა კავშირს. ესენი ძირითადად, უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. ეროვნული უთანასწორობა, ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვა - პირველ რიგში, ეს მოიტანა სსრკ-მ. ეს იყო უთანასწორობაზე, ბოროტებაზე მილიონების სისხლზე, რეპრესიებზე აშენებული სახელმწიფო - 30-იან წლებში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიხვრიტა, 2 მილიონი გადასახლებაში და უბედურებაში გარდაიცვალა. საქართველომაც რამდენჯერ იწვნია რეპრესიები და ამან რამდენი ათასი ადამიანი შეიწირა... ღმერთმა არ დაუშვა ამ საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა და განადგურდა, წარსულს ჩაბარდა ბოროტებაზე დამყარებული და სისხლზე აშენებული წარმონაქმნი - სსრკ. სამი რუსეთი გავიხსენეთ - მონაქისტული, საბჭოთა და დღევანდელი - ე.წ. დემოკრატიული რუსეთი. ეს სამი რუსეთი ერთმანეთისგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. დანარჩენ მსოფლიოს, დასავლეთს თუ რამე შეუძლია, დღეს უნდა გააკეთოს და არა სხვა დროს. ღმერთმა ნუ ქნას, ასრულდეს მედვედევის წინასწარმეტყველება - დასავლეთი დღეს იქნება ასე, ხვალ იქნება ასე და მერე დაიღლება, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებითო. ღმერთმა ნუ ქნას, ევროპა დაიღალოს. რუსეთი მართლა არ დაიღლება და განაგრძობს ძალმომრეობით პოლიტიკას. ევროპა თუ მართლა დაიღალა, სანქციებმაც თუ არ გაჭრა, თუ ეს შავი სცენარი გამეორდა და რუსეთს ფეხზე ადგომის საშუალება მიეცა, რა თქმა უნდა, ის მეტს მოინდომებს და ყველაფერს დაიბრუნებს".
"რუსეთის სახელმწიფო ბოშათა ტომს ჰგავს, რომლისთვისაც გაცილებით ადვილია გადავიდეს სხვის ტერიტორიაზე, ვიდრე მოაწესრიგოს საკუთარი". - ვასილ კლიუჩევსკი, რუსი ისტორიკოსი