ავტორი:

უკრაინის საკითხის გამო მოწვეულ რიგგარეშე სხდომას "ქართული ოცნება“ არ დაესწრება - რა განმარტებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე?

უკრაინის საკითხის გამო მოწვეულ რიგგარეშე სხდომას "ქართული ოცნება“ არ  დაესწრება - რა განმარტებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე?

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მსოფლიოში მეორე იყო, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ამასთან, უკრაინაში საქართველოს ელჩსა და კონსულს დღემდე კიევი არ დაუტოვებიათ. ამის შესახებ პაპუაშვილმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მიმართ თანადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს.

"რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების თანადგომას უკრაინის მიმართ - იცით, რომ გუშინ შევხვდი უკრაინის ელჩს საქართველოში და მან კიდევ ერთხელ გადმოგვცა უკრაინის ხელისუფლების მადლობა თანადგომისთვის, რასაც საქართველოს ხელისუფლება იჩენს უკრაინის მიმართ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რომელსაც სხვათა შორის ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა; საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს - გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატს, რათა მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ. მათ შორის იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, სადაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც ევრონესტი მხარს უჭერს უკრაინას; საქართველოს ელჩი უკრაინაში და საქართველოს კონსული დღემდე კიევში იმყოფებიან და უკრაინის ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, პირდაპირ კავშირზე არიან. ხაზს ვუსვამ - დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გამო, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის.

"დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მართავს, მათ შორის, სწორედ ამ რეზოლუციის წინააღმდეგ და ცდილობს დააკნინოს რეზოლუცია. უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს, რომლის გამოც ჩვენ უკრაინა მადლობას გვიხდის. ანუ უკრაინა კმაყოფილია ამ რეზოლუციით და ოპოზიციის ნაწილი არ არის კმაყოფილი, რაც აბსოლუტურად აბსურდია და ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ისინი ცდილობენ, უკრაინის საკითხი გამოიყენონ შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის“,- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენების გამო არ დაესწრება.

მისი თქმით, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ფრაქცია არ დაესწრება ამ სხდომას და მიზეზები ახსნა.

"ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს უკრაინის საკითხი გახადოს საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. გვესმის დეზინფორმაციის მთელი ტალღა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მოდის, უკრაინასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მათ შორის, რეზოლუციასთან მათი დამოკიდებულებაც ადასტურებს იმას, რომ ცდილობენ უკრაინის საკითხის გამოყენებას შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ეს არის მთავარი არსი „ქართული ოცნების“ ფრაქციის განცხადების, რომ არ უნდა მივცეთ საშუალება და სწორედაც, რომ არასწორი სოლიდარობაა უკრაინელი ხალხის მიმართ, უკრაინის თემის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენება. უკრაინის საკითხი, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების საკითხიც, მაგრამ ეს არ არის შიდაპოლიტიკური საკითხი იმ გაგებით, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ.

ჩვენ გუშინ ვისმენდით, მათ შორის რიგგარეშე სხდომის ინიციატორების მხრიდან, რომ თითქოს, მათი სურვილი იყო პარლამენტში ერთობის დაფიქსირება. ამავე დროს გუშინვე ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც კვლავ აჩვენებს ფარისევლობას. ის აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის რუსული ხელისუფლება და როგორც პუტინი დამარცხდება უკრაინაში, იმავე მომენტში უნდა დამარცხდეს საქართველოს ხელისუფლებაც და ა.შ.

არანაირი ერთობის სურვილი, რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ, ეს არის, მათ შორის, უღირსი მცდელობა, რომ უკრაინის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინის უსაფრთხოებას და ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოებას, აქციონ ყოველდღიური მერკანტილური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილად. ამის დაშვებას ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.