ავტორი:

"ვცდილობთ, გადავიდეთ პოლონეთის საზღვართან ავტობუსებით, არ ინერვიულოთ, მალე დაგიბრუნდებით" - "სუხიშვილები" უკრაინიდან მიმართვას ავრცელებენ

"ვცდილობთ, გადავიდეთ პოლონეთის საზღვართან ავტობუსებით, არ ინერვიულოთ, მალე დაგიბრუნდებით" - "სუხიშვილები" უკრაინიდან მიმართვას ავრცელებენ

ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" გასტროლებით დასავლეთ უკრაინაში ქალაქ ლუცკში იმყოფებიან. ნინო და ილიკო სუხიშვილებმა დასის წევრებთან ერთად მიმართვა ჩაწერეს, სადაც ისინი მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

ნინო სუხიშვილის თქმით, ისინი ცდილობენ ავტობუსებით გადავიდნენ პოლონეთში და იქიდან საქართველოში გამოემგზავრნონ.

"ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო ჩვენ გასტროლები ამ ქალქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში, მაგრამ მოხდა ის, რაც ჩაიდინა რუსეთმა. იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა. ვეცდებით, გადავიდეთ ავტობუსებით პოლონეთის საზღვართან და იქიდან გამოვფრინდეთ. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაცია.

იმედია, მშვიდობით დაგიბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა, გვიყვარხართ ყველა და ვგრძნობ თქვენს თანდგომას. დიდი მადლობა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, უკრაინისა და პოლონეთის ელჩებს, სამინისტროებს, რომლებიც გვეხმარებიან, რომ მშვდობიანად გამოვაღწიოთ ამ ტერიტორიიდან.

17 წელია ამ ქვეყანაში დავდივართ, ძალიან შევაყვარეთ თავი და ჩვენი მხარდაჭერა მათ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვწერს, გვირეკავს, ნუ ინერვიულებთ, დაგიბრუნდებით მშვიდობიანად, გვიყვარხართ" - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

"დიდი მადლობა საქართველოს მხადაჭერისთვის, არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით" - თქვა ილიკო სუხიშვილმა.