ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია რას იზამს დასავლეთი, იმედია აღარ შემოიფარგლება სანქციებით, რომელიც მხოლოდ „შოპინგს" უკრძალავს რუს დეპუტატებს, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვებაში საუბრისას განაცხადა.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, თუ დღესვე არ იქნება სერიოზული ნაბიჯები, ხვალ შეიძლება ისეთი შოკი მიიღოს მსოფლიომ, რომ ხელი ჩაიქნიონ.
"ამ სცენარს ნამდვილად არ ველოდი, რამდენიმე პოლიტოლოგს ვიცნობ რუსეთში და ისინიც სრულ შოკში არიან. როგორც ჩანს, პუტინი ძალიან ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებას. მათთვის სასურველი სცენარია, რომ კიევში მოხდეს გადატრიალება და მოვიდეს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან. ბომბავენ აეროპორტებს, მათ შორის კიევის აეროპორტს, რომ უკრაინამ არანაირი სამხედრო დახმარება არ მიიღოს, კიევზე სახმელეთო შტურმი ძნელად წარმომიდგენია, იმედია აქამდე საქმე არ მივა. 8 წელიწადი ჰქონდათ უკრაინელებს, რომ ჯარი მოეყვანათ წესრიგში და ამხელა დახმარება მიიღეს, იმედია წინააღმდეგობას ხმელეთზეც გაწევენ. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია რას იზამს დასავლეთი, იმედია, აღარ შემოიფარგლება სანქციებით, რომელიც მხოლოდ "შოპინგს" უკრძალავს რუს დეპუტატებს, ეს არაფერს არ ნიშნავს, "შოპინგი" რა უბედურებაა?! არც ამერიკასთან და არც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ომი ნამდვილად არ უნდათ, ომისთვის ძალიან წითელი, მსხვილი ხაზია. დასავლეთი შეგუებული იყო, რომ რუსები შეიყვანდნენ ჯარს დონბასში და გაჩერდებოდნენ, მაგრამ როგორც ვხედავთ, არ გაჩერდა.
თუ დღესვე არ იქნება სერიოზული ნაბიჯები, ხვალ შეიძლება ისეთი შოკი მიიღოს მსოფლიომ, რომ ხელი ჩაიქნიონ. თუ უკრაინის არმიამ წინააღმდეგობა ვერ გაწია და მოხდა მთელი ქვეყნის განადგურება, შეიძლება თქვან, რომ ომი წაგებულია, რაღა აზრი აქვს სანქციების დაწესებასო. ამიტომ, დღესვე უნდა იყოს ძალიან მტკივნეული პასუხები და სანქციები, თუ ასეთ დროს რამე არ მოიმოქმედე, შემდეგ უკვე ჩათვლიან, რომ ყველაფერი გაუვათ“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჩვენთვის ერთადერთი რეალური დამცველი ამერიკაა, შესაბამისად კარგი იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები განლაგდნენ.
„ის, რაც ხდება ყველა შემთხვევაში ცუდია, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს დონბასს მაინც. ცუდია, რომ ჩვენი მეზობელი გახდა ასეთი აგრესიული, მოხდება მისი იზოლირება და უფრო გააგრესიულება. ჩვენ აქ ვართ, ყურის ძირში გვიყენია რუსული ბაზა სამწუხაროდ. რუსეთის ერთადერთი შემაკავებელია ამერიკა და თუ ჩვენთან არ იქნებიან ამერიკელი სამხედროები, არ ვიცი სხვა რა უსაფრთხოების გარანტია არსებობს. თუ ეს მოხერხდა ახლა, სანამ ცხელია ყველაფერი, იქნებ მოხერხდეს, რომ ჩვენთან ჩადგნენ ამერიკელი სამხედროები, სხვა ჩვენი რეალური დამცველი არ იქნება“, - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.