თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება მარტში დატოვა და მას შემდეგ მედიასთან და საზოგადოებაში არ ჩნდება.
მართალია, ბაჩო ახალიას ცხრაწლიანი სასჯელი 2021 წლის 6 ნოემბერს ამოეწურა, მაგრამ როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამბობს, მსჯავრდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის პერიოდი არ ჩაუთვალეს და 9 წლიანი სასჯელის ათვლა განაჩენიდან დაიწყეს. ახალიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.
ბაჩო ახალია იყო მინისტრი, რომლისაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობის დიდ ნაწილს ეშინოდა. ახალაიას სისასტიკეზე ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ლეგენდები დადიოდა, თუმცა მას ბრალი მხოლოდ რუსი ჯაშუშების საქმეზე დაუმტკიცდა.
ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ვარდების ხელისუფლების" სხვა მინისტრებისგან განსხვავებით ახალაიას პირადი ცხოვრების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მისი დაკავების შემდეგ კი საზოგადოებაში გამოჩნდა მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი და გოგონა, რომელიც მამის დაკავების დროს 1 წლის იყო.
ბაჩო ახალიას ანი ნადარეიშვილზე დაქორწინებამდე ოჯახი და ერთი შვილი ჰყავდა. მისი მეუღლე ირინა ჰეიბელი გახლდათ, რომელიც როგორც ექსმინისტრის 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ტაშკენტში დაიბადა. ახალიასა და ჰეიბელს საერთო შვილი მაქსიმი გერმანიაში 2003 წელს შეეძინათ.
თანაცხოვრების პერიოდში ირინა ჰეიბელი სხვა პოლიტიკოსების ცოლებისგან განსხვავებით არსად ჩნდებოდა. დეკლარაციიდან ჩანს, რომ ჰეიბელი საქართველოში ცხოვრებისას არ მუშაობდა. ხოლო მის საკუთრებაში გახლდათ 70 კვ.მ. ბინა თბილისში გოთას ქუჩაზე. განქორწინების შემდეგ ირინა ჰეიბელი შვილთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. მაქსიმი ახლა 19 წლის არის და მამას ფიზიკურად ძალიან ჰგავს.
ირინა ჰეიბელი როგორც მისი სოციალური ქსელიდან ჩანს, მეორედ დაოჯახდა და პატარა გოგონას ზრდის. საქართველოში ცხოვრების პერიოდიდან კი ბუბა კიკაბიძესთან ერთად გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული და ასევე მაქსიმის ფოტო ბებიასთან, ბაჩო ახალაიას დედასთან ერთად, რომელიც საქართველოშია გადაღებული. ეს ფოტო ქალბატონ ნანი გაბედავას გარდაცვალების დროს, 2017 წელს აქვს გამოქვეყნებული.
სტუმრობს თუ არა საქართველოს მაქსიმი ამ თემაზე არაფერია ცნობილი. ასევე უცნობია რას იზამს ცნობილი მამა საპატიმროს დატოვების შემდეგ, დაუბრუნდება თუ არა პოლიტიკას.
2019 წელს, „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია აცხადებდა, რომ ციხის დატოვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდებოდა.
ამავე ინტერვიუში ახალაია განმარტავდა, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ერთდროულად მოუწევს სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ ყოფით პრობლემებთან გამკლავება.
რამდენიმე თვის წინ, ბაჩო ახალიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ლელა წურწუმიასთან ინტერვიუში ამბობდა:
- რომ გამოვა აუცილებლად გაესაუბრება იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს, შვილებს არ დაუტოვებს უპასუხო კითხვებს. ძალიან გვინდა, რომ ოჯახი, შვილებთან ერთად, ჩავსხდებით მანქანაში, თურქეთის საზღვარზე გადავიდეთ და სადაც დაგვიღამდება, იქ გავათენოთ. საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც სიამოვნებით დავისვენებდი, მაგრამ თავისუფლად ვერ ვიქნებით. ნებისმიერ თურქულ სოფელშიც კი ბევრად თავისუფლად ვიქნები და ეს მენატრება. მინდა, რომ მარტო ვიყო ჩემს ოჯახთან.
ბაჩო რომ გამოვა, ზუსტად ვიცი, რომ მშვიდად ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ მე ამისთვის მზად ვარ. რეალურად საომარ მდგომარეობაში ვართ ახლა და ნამდვილად არ მაქვს ის ილუზია, რომ მშვიდად ვიცხოვრებთ...