"საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო მეტად 2008 წლის მოვლენები დღის წესრიგში ისევ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან წამოვიდა და წამოვიდა იმ რაკურსით, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მომგებიანია" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აქამდე ვინმეს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, დღეს ცალსახაა პასუხი, რომ ომი 2008 წელს საქართველოში დაიწყო რუსეთმა ზუსტად იმავე მეთოდებით, რასაც დღეს იყენებს უკრაინაში.
ამასთან, როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "ცნობის" შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს რეაქცია იყო სრულიად ადეკვატური და რაც მთავარია, ოპერატიული.
"თუ ჩვენ შევხედავთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, ვინ აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, ვინ თავი შეიკავა და ვინ დაგმო მკაცრად, საქართველო ამ შემთხვევაში ცალსახად დგას ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და ცივილიზებული სამყაროს წიაღში. ამ ეტაპზე სრულიად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაქციები,"- განაცხადა ლაგაზიძემ.
რაც შეეხება სანქციებს, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები ვერ იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯების შემაკავებელი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი რუსეთის ქმედებების შესაბამისად განიხილავს შემდგომ სანქციებსაც.
"უკრაინასთან დაკავშირებით დღემდე დაანონსებული სანქციები თავისი არსით არის უპრეცედენტო და მასშტაბური, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამწუხაროდ, რუსეთის შემდგომი აგრესიის შემაკავებელი, მაგრამ დამაიმედებელია ის, რომ დასავლეთმა რუსეთის სახით დაინახა საფრთხე არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის და ამბობენ, რომ სანქციების ეს პაკეტი არის პირველი და შემდგომი სანქციები დამოკიდებული იქნება რუსეთის შემდგომ ნაბიჯებზე. რაც შეეხება საქართველოს მიერთება- არმიერთებას, ამ თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოა აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება, რომლის თანახმადაც, ამერიკაში ამ წუთას მუშავდება 2008 წლის რუსეთის საომარი მოქმედებების საპასუხო გადაწყვეტილებების ახალი პაკეტი, რაც არის უპრეცედენტო, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი წლის შემდეგ მსოფლიომ ხელახლა გადაიაზრა 2008 წლის მნიშვნელობა და სწავლობს იმ გაკვეთილებზე, რაც მაშინ მიიღო რუსეთის ომით საქართველოს წინააღმდეგ. კელი დეგნანის დაბრუნების შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება რა ტიპის გადაწყვეტილებებზე და შესაძლო სანქციებზეა საუბარი უკვე საქართველოს გამო დასავლეთის მხრიდან,"- განაცხადა ლაგაზიძემ.