ავტორი:

"ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები მოხაზა: კბილი კბილის წილ..." - რამდენად გააჩერებს სანქციები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას?

"ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები მოხაზა: კბილი კბილის წილ..." - რამდენად გააჩერებს სანქციები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას?

როცა ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ფედერაცია მეზობელ ქვეყნებთან ღია კონფრონტაციაზე გადადიან, ბევრს მათი შეკავების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად სანქციების გამოყენება წარმოუდგენია. ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ს დღემდე საყვედურობენ, რომ როგორც 2008 წლის საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენების დროს, ასევე 2014 წელს, ყირიმის ანექსიისას, რუსეთს ადეკვატური პასუხი არ გაეცა, რამაც პუტინს აფიქრებინა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს.

დღეს, როდესაც პუტინმა უკრაინის ტეროტორიების ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, დიდი მნიშვნელობა ექნება რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი და შეძლებს თუ არა რუსეთის მზარდი აგრესიის შეკავებას?

  • სანქციების პირველი ტალღა

ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ქმედით სანქციებზე გააკეთა განაცხადი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონი გახლდათ. ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციები ე.წ. აღიარების მომდევნო დღესვე დაუწესა. "ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებულ სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, სანქცირებული ბანკებია: Rossiya, IS Bank-ი, General Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია "ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირებას შეაჩერებს და გაზსადენზე ნებართვას აღარ გასცემს.

სანქციებზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელიც ალაპარაკდა და განაცხადა, რომ:

"რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამასთანავე, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ".

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ბაიდენის მიერ გამოცხადებულ პირველად სანქციებს (რომელიც 2 ოკუპირებულ ოლქთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას გულისხმობდა) ერთგვარად ცინიკური კომენტარები მოჰყვა, მაგრამ ცხადი იყო, რომ აშშ ამ მიმართულებით ფართმასშტაბიან შეზღუდვებზე წავიდოდა.

"ჩვენ ვახორციელებთ სრულ დამბლოკავ სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტზე: VEB-სა და მათ სამხედრო ბანკზე. მივმართავთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწყვეტთ რუსეთის მთავრობის დასავლურ დაფინანსებას, მას აღარ შეეძლება ფულის მოზიდვა დასავლეთიდან და ვერ ივაჭრებს თავის ახალი ვალით ჩვენს ან ევროპულ ბაზრებზე. ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი. ვიმუშავეთ გერმანიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ "Nord Stream 2“ არ გაგრძელდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ამას ემატება გადაწყვეტილება, რომ უკრაინას მიეწოდება თავდაცვითი შეიარაღება, ხოლო ბალტიის ქვეყნებში გაძლიერდება ნატოს კონტინგენტი.

Ambebi.ge საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი ხატიაშვილს აშშ-ში ესაუბრა, რომელიც ახლა მისისიპის უნივერსიტეტის დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლობს:

გიორგი ხატიაშვილი

  • რუსეთი ფანტაზიის გარეშე

"რუსეთის ფედერაციასა და პუტინს დიდი ფანტაზია არ გამოუჩენიათ და 2008 წლის სცენარი გაიმეორეს - ორი ოლქის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:

1. უკრაინაში საკუთარი სამხედრო შეჭრის "ლეგალიზაცია“;

2. ე.წ. სალამის ტაქტიკა - უკრაინის ტერიტორიების ნელ-ნელა, ეტაპობრივად "ჩამოთლა“. თუკი პუტინის გამოსვლას კარგად მოვუსმენთ, დავინახავთ, რომ მან არაფერი დამალა - მისთვის უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო სცენარი ე.წ "ნავაროსიის“ - ოდესამდე ტერიტორიის უკრაინისთვის წართმევას მოიცავს.

რაც შეეხება ამაზე რუსეთის მოსახლეობის შეფასებას, იმათთვის, ვინც იმპერიალისტური პოლიტიკით "გამოკვებეს“, რომლის თანახმადაც მთავარი არა ეკონომიკური ფაქტორები, არამედ სამხედრო სიძლიერეა, პუტინის რეიტინგი, რა თქმა უნდა, აიწევდა“.

  • "კბილი კბილის წილ“

"ბაიდენმა პრეზიდენტ ობამას 2014 წლის სანქციები გაიმეორა და პირველი ეტაპი ეკონომიკური ემბარგო იყო - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან ინვესტირება აიკრძალა. ეს რა თქმა უნდა, სუსტი დასაწყისი იყო, მაგრამ რამდენიმე მიზანსა და მიმართულებას ემსახურებოდა - სიგნალის გაგზავნა როგორც რუსეთისთვის, ასევე შიდა აუდიტორიისთვის, რომ აშშ "საქმის კეთებას“ შეუდგა. მეორე მხვრივ, როგორც ამბობენ, ყველა ტყვიას მჭიდიდან უცებ ვერ გაისვრი. ეს იყო პროპორციული სანქციები იმისა, რაც მოხდა და სიტუაციის შესაბამისად, სანქციები მოიმატებს. ყველა მექანიზმი ერთად გამოიყენო, როცა გაცხადებული გაქვს, რომ ძალას არ იყენებ, შეუძლებელია...

ამის შემდეგ, ბაიდენმა რუსეთთან მიმართებაში ამერიკული პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯები მოხაზა: "კბილი კბილის წილ", ანუ ყოველ მორიგ სამხედრო ესკალაციას, მოჰყვება სანქციების პაკეტის გამკაცრება...

ოლაფ შოლცის გაცხადებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცაღა პირველ რიგში, რუსული გაზის მომავალი, დაგეგმილი ექსპორტი იზღუდება - ჯერ ხომ იქ არცერთი კბ. მეტრი აირი არ გასულა. ამ ნაბიჯს სერიოზული გამოცდა ელის, რადგან რუსები იმუქრებიან. ვნახეთ მედვედევის ევროპის მიმართ გაკეთებული განცხადება, - 1 კბ. მეტრი გაზი 2000 ევრო დაგიჯდებათო...

გერმანიის მოსახლეობა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ელექტროენერგიის გადასახადს იხდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს ქვეყანა აგრძელებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პოლიტიკას, შესაბამისად, ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმასა და განახლებად წყაროებზე გადასვლას.

რა არის ალტერნატივა? - ერთი ესაა ქვანახშირი - უბინძურესი ნახშირწყალბადი, რომლის გამოყენება ქვეყანაში, რომელიც სუფთა ენერგიაზე გადასვლას აპირებს, ერთგვარად სირცხვილიცაა. მეორე ვარიანტია გაზი, რომელიც უნდა მიიღოს რუსეთიდან (ნორვეგიას მცირე მარაგები აქვს), ანაც კატარიდან გათხევადებული გაზი წამოიღონ, რაც ძალიან რთულია.

"ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის არჩართვისა და სერთიფიცირების გაუქმების შემდეგ, შოლცზე შიდა წნეხი გაიზრდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ქვეყანას გაზი უკრაინისა და ბელორუსის გაზსადენებიდანაც მიეწოდება, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეუმცირდება.

ჩვენ ჯერ ვიცით უფრო მეტად განცხადებები, ვიდრე ქმედებები, რომ სიტუაციის შესაბამისად, სანქციები ძალიან გამკაცრდება. ვიდრე საბოლოო კონტურები თავად არ ექნებათ განსაზღვრული, პროგნოზირება გაგვიჭირდება. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ..."

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე