ავტორი:

უკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს და საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. მედიის ინფორმაციით, გამოძახებას ექვემდებარებიან 18-დან 60 წლამდე რეზერვისტები, როგორც ოფიცრები, ასევე რიგითები.

სამსახურის მაქსიმალური ვადა 1 წელია.

BBC-ი წერს, რომ ექსპერტების შეფასებით, უკრაინის სარეზერვო თავდაცვის ძალებში დაახლოებით 900 000 ადამიანი მსახურობს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ.

დღესვე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, მათ კი, ვინც უკვე იქ იმყოფება, ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.