ავტორი:

"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

"1982 წლიდან თბილისში ღამე არ გამითენებია... თავიდან აქ პატარა ხუხულა იდგა" - 80 წლის ოლიმპიური ჩემპიონის პატარა "ქვეყანა" მცხეთაში და წარმატებული მეურნეობა

მოჭიდავე რომან რურუა მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და კიდევ უამრავი ჯილდოსა თუ პრიზის მფლობელია. მისი სახელი და გვარი დიდ სპორტულ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.

როგორც გაირკვა, ბატონი რომანი წარმატებული მეურნეც ყოფილა და ამ საქმეს აქტიურად გასული საუკუნის ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეუდგა. იყიდა მიწა მცხეთაში და იქ საკუთარი ხელით ნამდვილი სამოთხე მოაწყო, რასაც 80 წლის ჩემპიონი გულდაგულ დღესაც უვლის. ჩვენი საუბარიც მასთან სწორედ ამ თემას დაეთმო.

- რატომ გაგიჩნდათ სურვილი, თბილისიდან მცხეთაში დასახლებულიყავით?

- მიწის სიყვარული ადამიანს თავიდან, პატარაობიდან უნდა მოგდევდეს... მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩიდან ვარ. მამაჩემი სოფელში მიწასთან რომ მუშაობდა, ჩვენც გვამუშავებდა, ცალკე ნაკვეთი გვქონდა და თვითონ ვუვლიდი. მერე ბავშვი ხომ იცით, როგორია... ეს ჩემი ნაკვეთია, ვამბობდი და ასე ვმუშაობდი...

მოკლედ, ეს სიყვარული ჩემში ბავშვობიდან იყო ჩადებული. სკოლაში ბოტანიკის კარგი მასწავლებელი გვყავდა, რომელიც გვასწავლიდა დამყნობას, დარგვას და სხვადასხვა მწვანე ოპერაციას, მიწის სამუშაოებს და მანაც შეგვაყვარა ეს ყველაფერი. ამიტომ ბავშვობიდან ვიცი დამყნობა კვირტით, კალმით და რაც მთავარია, ეს საქმე მაინტერესებდა კიდეც. წლები რომ გავიდა, იცით, რაზე დავფიქრდი? შეიძლება თუ არა ცხოვრება ფულის გარეშე? და "ახალი ამერიკა“ აღმოვაჩინე. გავეცი კითხვას პასუხი - შეიძლება ცხოვრება ფულის გარეშე. ოთხი სუბსტანცია - მიწა, ჰაერი, სითბო და წყალი, რაც სიცოცხლის წყაროა, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ, თუ ფული არ გაქვს, მის გარეშეც იარსებო. კი, ვალდებული ხარ, ბუნების ამ ოთხი კომპონენტის დახმარებით იცხოვრო. ისინი ხომ სიცოცხლეს ქმნიან?!

- ე.ი. თუ ფული არ გაქვს, შენი საზრდო თავად უნდა მოიპოვო...

- ვისაც პირადი საზრდო არ გააჩნია და საკუთარ თავს ვერ უვლის, მუდმივად ვიღაცის სარჩენი იქნება... მაგალითად, გასულ ზაფხულს ამ წლისთვის 70 ტონა სიმინდი მივიღე. პურს თუ ფასი მოუმატეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. პურიც სახლში მაქვს და წისქვილიც. საქონელი მყავს, რძე მაქვს, ყველი, ნადუღი, კარაქი, ხილი, ბოსტნეული...

- ე.ი. ბაზარში არ დადიხართ...

- იშვიათად თუ შევივლი და თევზს შევიძენ, რადგან თევზი ჯერ არ მომიშენებია. მინდა, ამაზეც ვიზრუნო... მოკლედ, რაც ჩემს მამულშია, ყველაფერი ჩემი ოჯახისთვისაა. საკმარისია და ამით კმაყოფილი ვარ. ისეა, რომ შეიძლება, გარეთ საეროდ არაფერზე გავიდე... წყლის მარაგიც მაქვს შექმნილი, 90-ტონიანი ბაკი მაქვს, მაქვს დენის მარაგიც (ქარის საშუალებით), ჩემთან რადიაციის საწინააღმდეგო თავშესაფარიც არსებობს, გათბობა, ყველანაირი კომუნიკაციის საშუალება და სათადარიგო გასასვლელიც.

- თქვენი პატარა "ქვეყანა" შეგიქმნიათ...

- ...მარანი მიწისქვეშ, მთაშია გამოჭრილი, სადაც ზაფხულში რომ შეხვიდე, გაიყინები, ზამთარში კი თბილა. ვფიქრობ და ვზრუნავ, ცხადია ჯანმრთელობაზეც და ყველანაირი პროდუქტი, რასაც ვაწარმოებ, არის ჯანსაღი, ნატურალური, არ ვწამლავ.

გაშენებული მაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ბოლოს საჩხერიდან ლაშა ტალახაძის ბაბუამ გამომიგზავნა 40 ძირი ძელშავის ჯიშის ნერგები. ასეთი ყურძენი და მისგან დაყენებული ღვინო აქამდე არ მენახა და გამესინჯა... მომეწონა, რაღაც წაბლის სურნელი აქვს. ახლა 300 ძირი კიდევ შევუკვეთე, უნდა გავამრავლო... მოკლედ, ასე ვცხოვრობ. ხომ ვთქვი - არ მაქვს ფული? ნუ მაქვს, ჯანდაბას, დანარჩენი ყველაფერი ხომ მაქვს. არა, უფულო კაციც არ ვარ, - ასეც არაა...

- ქვეყანას ბევრი თქვენნაირი ადამიანი სჭირდება...

- პოლიტიკა რა არის თუ არა მართვა? მაგრამ მას ეს ფუნქცია ჩვენთან დაკარგული აქვს, მისი არასწორი აღქმაა ადამიანებში. მერე პოლიტიკას თუ დავამატებთ ეკონომიკას, ეს უკვე მეურნეობის მართვას ნიშნავს ანუ ქვეყანა არის მეურნეობა და მისი მმართველი - პოლიტიკოსი. თუ კარგი მმართველი არ ხარ, ე.ი. პოლიტიკაში არაფერი გესაქმება.

მმართველი იბადება, ეს უნარი არ ისწავლება, ის გაქვს, ან არა. პოლიტიკაში ის კაცი არ უნდა შეუშვა, ვისაც მეურნეობა არ უმართია. უნდა იცოდე შენს ქვეყანაში რა გაქვს და როგორ გამოიყენო. საქართველო წყალში იხრჩობა და სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს, სადამდე უნდა ვიცხოვროთ ასე?! მაწუხებს ეს ამბები...

- ე.ი. თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი შესაძლებელია. თქვენი წარმატებული სპორტული კარიერის პერიოდში იფიქრებდით, რომ მცხეთაში იცხოვრებდით და ასეთი გარემო გექნებოდათ შექმნილი?

- წინასწარ დაგეგმილი ხომ არაფერია - ყველაფერი გზა და გზა ხდებოდა...

- უკვე რამდენი წელია, მცხეთაში ცხოვრობთ?

- 1982 წლიდან წამოვედი და მას მერე ღამე არ გამითენებია თბილისში. კორპუსებში ლიფტი საერთო სარგებლობაშია, სადარბაზო საერთო სარგებლობაშია, ყველაფერი საერთოა და არავინ უვლის ამ საერთოს - ყველგან ჭუჭყი და უწესრიგობაა... გაფუჭებულს არავინ აკეთებს, მანქანასა წესიერად ვერ აყენებ ადამიანი. მოკლედ, ამიცრუვდა გული - არ ღირს აქ ცხოვრება-მეთქი და წამოვედი.

- მიწა იყიდეთ?

- კი. ამ ადგილას ერთი ხუხულა იდგა, მიწა არ ვარგოდა, რიყის ქვებით იყო სავსე. კარგი მიწა მოვიტანე და დავყარე. ახლა უკვე 3 ჰექტარია. სახლიც დიდია. მაგრამ თავიდან, ხომ ვამბობ, აქ ასე მოწყობილი არ იყო. ჩემი ეზოს გარდა არც ქუჩები იყო. მოკლედ, დიდი შრომაა ამ შემოგარენში ჩადებული, ყველაფერი გავწმინდე, გავასწორე, სხვადასხვა ჯიშის ხეები დავრგე. მერე ყველაფერმა ასე და ასეთი სახე მიიღო.

ოჯახში მაშინ აქეთ წამოსვლა არავის უნდოდა, მაგრამ მე მაინც წამოვედი, მერე იძულებულები იყვნენ, ჩამოსულიყვნენ, ახლა აქ არიან და აქედან აღარ მიდიან... ჩვენთან არის ჰაერი, სისუფთავე, თავისუფლება... ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია.

- როგორ არა, ქართული სპორტის ლეგენდა ხართ. ამხელს ტიტულების პატრონი, ხუმრობა ხომ არ არის?! რა რჩევას მისცემთ სამეურნეო კუთხით ჩვენს მკითხველს და ამ საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს?

- თავიდან მეც არაფერი მქონდა... თბილისში რომ ჩამოვედი, მამიდასთან ვცხოვრობდი, ჭიდაობამ ასპარეზზე გამომიყვანა და შეუძლებელი შევძელი. კი, მერე ჩემი სახელი და წარსული ბევრ რამეში დამეხმარა, მიშველა, ეს ფაქტია, ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. მაგრამ როცა მიწა გაქვს, უნდა მოახერხო და იქ ნელ-ნელა რაღაც თავშესაფარი გაიკეთო. ამას არაფერი ჯობია. იქ, სადაც მიწაა, წყალი, სითბო და ჰაერი, რა გიშლის ხელს? უნდა მოიყვანო - კარტოფილი, ხახვი, ნიორი, პამიდორი, ყველაფერი და ეს მეურნეობა თანდათან უნდა გააფართოო... მერე საქონელიც შემოიმატო, ღორი, ქათამი, ინდაური, იხვი.

როგორ? - იკითხავს ვიღაც. ისე, რომ ეს ინტერესი საქმეში ჩართულს უკვე თანდათან გიჩნდება და წინ ისწრაფვი. ეს სწრაფვა კიდევ შეუმჩნეველი განვითარების ტოლფასია. ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ ყველაფერი გაქვს და არაფრის ყიდვა აღარ გინდა.

სპორტსმენობის გარდა ცხოვრებაში მეწარმეც ვარ, ამ კუთხით ბევრი კარგი ნაბიჯები მაქვს გადადგმული და მცხეთაში ამანაც მიშველა... მოკლედ, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ყველგან წარმატებული ვიყავი, მაგრამ ეს წარმატებაც შინაგან უნარებზეა დამოკიდებული. ეს უნდა გქონდეს, ამ უნარით უნდა დაიბადო... ადამიანებთან ურთიერთობაში, მოწინააღმდეგესთან, მეზობელთან, უცხოსთან, ეს გჭირდება. ურთიერთობა, მადლობა ღმერთს, არავისთან შემშლია.