მართალია, პანდემიის მორიგი ტალღის პიკი გადავიარეთ და ახლა ე.წ. დაღმავალ მრუდზე ვართ, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ინფიცირების ათასობით შემთხვევა, კიდევ კარგა ხანს გვექნება. ომიკრონი კი, კიდევ კარგა ხანს იქნება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ომიკრონის თავისებურებებისა და პოსტკოვიდური გართულებების შესახებ ambebi.ge-ს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ესაუბრება.
- ომიკრონი გამოჩენისთანავე საკმაოდ საყურადღებო შტამად მიიჩნევა. პირველ რიგში, ეს განაპირობა იმან, რომ ვირუსს ბევრი მუტაცია აქვს, რაც შესაბამისად ნიშნავდა იმას, რომ არსებობდა რისკები იმისა, რომ მას შეეცვალა ბუნება, გამხდარიყო ან უფრო ადვილად გადამდები, ან უფრო აგრესიულად მიმდინარე... შემდეგში კვლევებმა აჩვენა, რომ საბედნიეროდ, აგრესიული მიმდინარეობა არ მიიღო, ომიკრონით, ანუ ამ შტამით გამოწვეულმა დაავადებამ, თუმცა გახდა ბევრად უფრო ადვილად გადამდები. კიდევ ერთი, რითაც განსხვავდება ომიკრონი წინამორბედი შტამებისგან ისაა, რომ მაღალია რეინფიცირების რისკები. დელტა შტამს თუ შევადარებთ, ეს დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი, ანუ ადამიანმა თუ გადაიტანა ერთხელ რომელიმე სხვა შტამის კორონავირუსული ინფექცია, საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ ის ომიკრონით ხელახლა დაინფიცირდეს. ასევე კარგი თვისება ის აქვს, რომ ომირკონს ახასიათებს ნაკლებად აგრესიული მიმდინარეობა დელტასთან შედარებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მსუბუქად მიმდიანრეობს, განსაკუთრებით რისკჯგუფებში, ასაკოვან ადამიანებში, ქრონიკული და ფონური დაავადების ადამიანებში. სამწუხაროდ, ომიკრონსაც ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გართულებები, როგორიც ჰქონდა დელტას და მის წინამორბედ შტამებს.
- რეინფიცირება ვახსენეთ, ომიკრონგადატანილი მალევე ისევ ომირკონით რომ რეინფიცირდეს, შესაძლებელია?
- თეორიულად ამის შანსები არსებობს, სამწუხაროდ. თუმცა, როგორც კვლევები აჩვენებს, ომიკრონის გადატანის შემდეგ იგივე შტამით ინფიცირების რისკები პირველი 3 თვის განმავლობაში არის საკმაოდ დაბალი. უფრო ხანგრძლივად ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ ომიკრონს ჯერჯერობით მხოლოდ სამთვიანი ისტორია აქვს.
- ომიკრონის ქვევარიანტებზე რა არის ცნობილი?
- ყველაზე აქტუალურია 4 ქვეშტამი, აქედან ყველაზე მეტად გამორჩეული და საყურადღებო არის BA2, რომელიც ომიკრონის BA1 ქვეშტამისგან განსხვავებით ხასიათდება უფრო სწრაფი გავრცელებით, დაახლოებით 1,5-2-ჯერ უფრო მაღალი უნარი აქვს, რომ ადვილად დააინფიციროს ადამიანი. ესაა მისი მთავარი მახასიათებელი. კლინიკურ მიმდინარეობას, რაც შეეხება, BA2-ს ისეთივე მსგავსი კლინიკური მიმდინარეობა აქვს, როგორც სხვა ქვეშტამებს. ბევრ ქვეყანაში BA2 არის დომინანტი.
- ჩვენთან?
- ორი კვირის წინანდელი მონაცემებით, BA2 სწრაფად და აგრესიულად ვრცელდებოდა ჩვენთანაც, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ის უკვე დომინანტი იყოს ჩვენს ქვეყანაში.
- თითქოს არ არის აგრესიული, მაგრამ ბავშვებში უფრო საყურადღებო და არც თუ მარტივი მიმდნირება ახასიათებსო...
- ბავშვებში ომიკრონს აქვს თავისებური მიმდინარეობა. განსაკუთრებით პირველ დღეებში ახასიათებს ცხელება, ანუ ბავშვებს აქვთ ხოლმე მაღალი 39-40 გრადუსი ტემპერატურა, რომლის სახლის პირობებში მართვა მშობლებს უჭირთ და ხშირად ხდება ეს ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, იმიტომ, რომ ვერ ახერხებენ ტემპერატურის რეგულირებას. განსაკუთრებით საყურადღებოა მცირე ასაკის ბავშვებში - ახალშობილები, წლამდე, 3 წლამდე ბავშვები, ამ ასაკობრივ კატეგორიაში რისკები არის, რომ მაღალი ცხელების ფონზე სხვადასხვა გართულებები განვითარდეს. ესაა ძირითადად განმასხვავებელი სხვა შტამებისგან და ამის გამო არის გაზრდილი მიმართვიანობა ჰოსპიტლებში ომიკრონის დროს. კარგი რაც აქვს ომიკრონს, შედარებით დელტასგან, ისაა, რომ ქვედა სასუნთქი გზების, ანუ ფილტვების დაზიანების ალბათობა ბევრად დაბალია.
- რა დარიგებებს მისცემთ დედებს, რას მიაქციონს ყურადღება?
- პირველ რიგში, ცხელების ნუ შეეშინდებათ. საყურადღებოა, თუ ტემპერატურული რეაქცია ხანგრძლივდება 3 დღეზე მეტ ხანს, ვგულისხმობ, 38-ზე მაღალ ტემპერატურას, მიმართონ ექიმს. თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებას, თუ ბავშვი ვერ არის აქტიური, არ იღებს საკვებს, სითხეს, ძილიანობა გამოიხატება, აუცილებელია დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. თუ ბავშვს აქვს ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნები, ანუ აქვს ხმაურიანი სუნთქვა, უჭირს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ეს ის ნიშნებია, რასაც აუცილებლად დროულად უნდა მიექცეს ყურადღება.
- ომიკრონ BA2-ს ანუ როგორ მეორენაირად უწოდებენ, სტელს-ომიკრონს, შესაძლოა, რომ მალე გამოუჩნდეს კონკურენტი შტამი?
- რა თქმა უნდა. ზოგადად, ვირუსლოგიის ერთ პრინციპს ვიტყვი. ვირუსები, ბაქტერიები და სხვა მიკროორგანიზმები მუდმივად განიცდიან მუტაციას. მუტაცია არის ბუნებრივი პროცესი. აქედან გამომდინარე, თეორიული რისკები ყოველთვის არსებობს, რომ მოხდეს ახალი შტამის გამოჩენა. კითხვა ისმის ასე, - რამდენად იქნება ეს შტამი იმ თვისებების მახასიათებელი, რომ მან სრულიად ჩაანაცვლოს არსებული შტამები. ეს დამოკიდებულია მუტაციის ხასიათზე და მუტაციის სიმრავლეზე. ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ჩანს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუვლენია რომლიმე შტამი, რომელზეც იტყოდა, რომ ეს საყურადღებოა.
ყველაზე კარგი გამოსავალი არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხერხდეს, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია. იმ რეგიონებში და იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს კარგად, მუტანტური შტამის წარმოქმნის ალბათობა არის დაბალი. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც. ომიკრონიც, დელტა შტამიც გავრცელდა ისეთი ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან, სადაც მოსახლეობის ვაქცინით მოცვა იყო დაბალი.
- რაც შეეხება პოსტომიკრონულ გართულებებს, ამაზე რას გვეტყვით?
- მინდა, ერთი განმარტება გავაკეთო, ხშირად მესმის ხოლმე, - კოვიდი და ომიკრონი გადავიტანეო, ისე ამბობენ, თითქოს სხვადასხვა ვირუსები იყოს. ეს ასე არ არის. ომიკრონმა მრავალი მუტაციის შედეგად იცვალა სახე, თვისებები, მაგრამ ის მაინც არის კოვიდის გამომწვევი ერთ-ერთი შტამი და შესაბამისად, პოსტკოვიდური გართულებები და პოსტკოვიდური სინდრომი ომიკრონსაც ისევე ახასიათებს, როგორც მის წინამორბედ შტამებს. უბრალოდ შეიძლება შეიცვალა ინტენსივობა, ან სიმპტომები. ბევრი პაციენტი აღნიშნავს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, ვგულისხმობ ომიკრონის შტამს, უხანგრძლივდებათ დაღლილობა, მშრალი ხველა, ყელის სიმშრალე, ეს სიმპტომები საყურადღებოა და არა საგანგაშო. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ეს სიმპტომები 2-3 კვირაში ალაგდება. არ სჭირდება ჩარევა. საუბედუროდ, ასეთ დროს სხვადასხვა მედიკამენტები არ გვაძლევენ შედეგს, იმიტომ, რომ პოსტინფექციური ხველა არ ექვემდებარება მკურნალობას. თუ ამ სიმპტომებს აქვს მზარდი ხასიათი, ეს უკვე საყურადღებოა და ექიმს უნდა მიმართოთ. თუ ახალი სიმპტომები წამოვიდა - ტემპერატურის რეაქცია, ან ქოშინი, ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, ან კიდურების დაბუჟება, მეხსიერების პრობლემა, მხედველობის პრობლემა და თუ ეს სიმპტომები მზარდია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
- არ ვიცი, რამდენად მართლები ვართ, რომ მე და ჩემი მეგობრები რიგ შემთხვევაში ჭამის მადის მატებას, სხვა შემთხვევაში კი - დაქვეითებას, კოვიდის გადატანას ვუკავშირებთ, აქვს ამ ყველაფერს კავშირი პოსტკოვიდურ სიმპტომებთან?
- დიახ, აქვს. არის სხვადასხვა კვლევები, მათ შორის ერთ-ერთია ესპანური კვლევა, რომელმაც წარმოაჩინა, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ შეიძლება მოხდეს ცდომილი ნერვის დაზიანება. ცდომილი ნერვი კი ვიცით, რომ პასუხისმგებელია სხვადასხვა შინაგანი ორგანოს მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, გასტროენტეროლოგიური პრობლემებიც შეიძლება აქედანაც მომდინარეობდეს.