ავტორი:

რა უთხრა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით - რუსეთის პრეზიდენტის განცხადება და თეთრი სახლის პასუხი

რა უთხრა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით - რუსეთის პრეზიდენტის განცხადება და თეთრი სახლის პასუხი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ის აშშ-ის პრეზდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა, რომ "არ აპირებენ უკრაინის ნატო-ში მიღებას "ხვალ.". ამის შესახებ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"მე, აი, ჩემ კოლეგებთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობდი. ამერიკელმა კოლეგამაც დამარწმუნა, რომ არ აპირებენ უკრაინის ნატოში მიღებას "ხვალ“. მეტიც - შესაძლოა, გარკვეული მორატორიუმი“ , - განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მისი თქმით, ნატო, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ალიანსში გასაწევრიანებლად.

"ამიტომ, ჩემი პასუხი იყო მარტივი: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ჩვენთვის დათმობაზე წასვლა. ეს არის თქვენი გეგმების რეალიზაცია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია დაცდა და უკრაინის მომზადება ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ ამ მორატორიუმს თქვენთვის აკეთებთ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში, რუსეთის უსაფრთხოების საფრთხე იზრდება.

"თუკი რუსეთი შეეჯახება ასეთ საფრთხეს, როგორიც არის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, ჩვენი ქვეყნის საფრთხეები მრავალგზის გაიზრდება“, - განაცხადა პუტინმა.

  • პუტინის განცხადებას განცხადებითვე უპასუხეს თეთრ სახლში, სადაც ნათქვამია, რომ თეთრი სახლი უარყოფს პუტინის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

მათივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია, ან ვალდებულება არ მიუცია.

"არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.