ავტორი:

სააკაშვილის საქმის განმხილველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა - პენიტენციურ სამსახურს დაევალება ბრალდებულის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ყველა ზომის მიღება

სააკაშვილის საქმის განმხილველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა -  პენიტენციურ სამსახურს დაევალება ბრალდებულის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ყველა ზომის მიღება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღება.

როგორც სასამართლო პროცესზე სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, პენიტენციურ სამსახურს მოეთხოვება ასევე, მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდება.

"იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება, მიიღოს ყველა ის ზომა, რაც აუცილებელია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად სასამართლო ითხოვს შესაბამისი ინფორმაცია წარმოედგინოს თავად სასამართლოს ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, როგორ ხორციელდებოდა მის მიმართ ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასამართლო მოითხოვს ინფორმაციას ყველა ღონისძიებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნინო ელიეშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს.

როგორც 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის მკურნალობის ისტორიას არ აძლევენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის განცხადებებს ეყრდნობიან.