სოფო შევარდნაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ნოესთან“ შვილზე და წარსულზე ისაუბრა. იმაზე თუ როგორ გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და როგორ შეცვალა დედობამ მისი ყოველდღიურობა. ექსპრეზიდენტის ცნობილი შვილიშვილი ამბობს, რომ რევოლუციით წასული ბაბუა დიდი ადამიანი იყო და კმაყოფილია, რომ მისთვის სიკვდილამდე ყველაფრის თქმა მოასწრო.
სოფო შევარდნაძე:
"ძალიან დიდი ხანია მინდოდა ჩემ თავზე მეთქვა, რომ სოფო შევარდნაძე არის პირველ რიგში დედა, შემდეგ უკვე დანარჩენი. ორსულობისას ახლო მეგობარმა, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავს, მითხრა, რომ კარგი დედა არის ის, ვინც ზომიერად არის კარგი დედა. ეს არ უნდა გადავიდეს სიგიჟეში, მარტო ამით არ უნდა იყო მოცული, შეიძლება ამით შვილი შეაწუხო. 20 წლის ასაკში რომ გამეჩინა შვილი, როგორც დედაჩემმა, ალბათ სხვანაირად შევხედავდი ყველაფერს. როდესაც ამბობენ, არსებობს ცხოვრებაში საოცრება, დიახ, ეს არის შვილის გაჩენა.
ბავშობიდან ყურადღების ცენტრში ვიყავი, ნებისმიერი ჩემი ქმედება სასწაული მასშტაბებით შეიმოსებოდა ხოლმე და ამბად იქცეოდა. დგება ეტაპი, რომ შენი პირადი ცხოვრება გინდა მხოლოდ შენი იყოს და ეს არის წითელი ხაზი.
სულ სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას, რაც ანდრია გაჩნდა, ჩემ თავს ვუფრთხილდები, მას ჯანმრთელი დედა სჭირდება.
ნიუ-იორკში ცხოვრება ძალიან ჰგავდა მოსკოვის ენერგიას. არჩევანის წინაშე რომ დავდექი, მაშინ ისე მოხდა, რომ "იმედში“ ვმუშაობდი "დროებაში“ და სიუჟეტის გასაკეთებლად მოსკოვში გამგზავნეს. მე ნახევარი ბავშვობა მოსკოვში მქონდა გატარებული და ძალიან მინდოდა საყრდენის პოვნა. მოსკოვში რომ ჩავედი, უცებ ბევრი შემოთავაზება წამოვიდა. მოსკოვი ის ქალაქია, სადაც შევძელი ჩემი თავის დამკვიდრება, მემუშავა იმ სფეროში, რომელიც მიყვარს და გავმხდარიყავი სოფო შევარდნაძე. ძალიან ცოტა ადამიანს ახსოვს ახლა იქ, რომ მე ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი ვარ. საქართველოში პირიქით იქნება ყოველთვის. ეს ძალიან მეამაყება, სიამოვნებას მგვრის. 25 წლის ასაკში როდესაც ძიებაში ვიყავი, იმ მომენტში ამას მივაღწიე და დავრწმუნდი, რომ რაც მინდოდა, ეს ყველაფერი გავაკეთე. ნამდვილი დამოუკიდებლობა მომცა მოსკოვმა.
იმისთვის, რომ საქართველო აღარ იყოს ოკუპირებული, ახალი თაობა უნდა მოვიდეს, რომელიც არის სხვა რაღაცებით შემოფარგლული და ეს თავისთავად მოხდება და საქართველოს ეს ტერიტორიები დაუბრუნდება... მე არ ვიცი, ეს როდის და როგორ მოხდება, არ ვარ წინასწარმეტყველი, უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან, როგორ იცვლება მსოფლიო და რა თაობა მოდის, საქართველოს ოკუპაცია არის ძველი პოლიტიკის პარადიგმის ნაწილი, რომელიც ახალ დროსთან ერთად აღარ იქნება დღის წესრიგში. საქართველოს თავისი მიწები დაუბრუნდება, უბრალოდ, ის ვინც მოვა, სხვა რაღაც იქნება მისთვის მნიშვნელოვანი.
ბაბუაჩემის გადადგომა ალბათ იყო მისი ძალიან დიდი პოლიტიკური მოღვაწეობის პიკი და არა პირიქით. ჩემთვის ეს იყო უმაღლესი წერტილი მისი მოღვაწეობის. ადამიანს როდესაც შეუძლია, რომ ასე წავიდეს და უსისხლოდ გადასცეს ხელისუფლება, ის არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი. სულ უფრო მეტად მენატრება, ბოლო პერიოდში, როდესაც დიდი დღე არ ჰქონდა დარჩენილი, ყველაფრის თქმა მოვასწარი...
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრაზი არ მქონია, უბრალოდ, პატივს არ ვცემ. არც ბაბუას არ ჰქონდა ბრაზის განცდა, ძალიან დიდი ადამიანი იყო.
ყველა ეტაპზე, როცა კი გულწრფელად შეყვარებული ვყოფილვარ, მეგონა, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული. რაც ანდრია გაჩნდა, მივხვდი, რომ არ ვიცოდი რა ყოფილა უანგარო სიყვარული. განზრახ არავისთვის სიბოროტე არ გამიკეთებია და არც გათვლილად მიტკენია გული, თუმცა ეგოისტური მომენტებით ალბათ ბევრს ვაწყენინე. ყველა იმ გზამ, როდესაც ვტიროდი და თავს დაუცველად ვგრძნობდი, მომიყვანა ანდრიამდე..."