ავტორი:

"მე ვიყავი "მიშისტი". ამის თქმა არც მიტყდება, არც მრცხვენია და არც მეშინია" - გოგოლა კალანდაძე

"მე ვიყავი "მიშისტი". ამის თქმა არც მიტყდება, არც მრცხვენია და არც მეშინია" - გოგოლა კალანდაძე

მსახიობმა გოგოლა კალანდაძემ "ტვპირველთან“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მას არ აქვს ამ ქვეყანაში სამართლიანობის განცდა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს და ეს ხელისუფლება მას არ უნდა ასამართლებდეს...

"დღეს საინფორმაციო გამოშვებას მოვუსმინე, სადაც პრემიერ-მინისტრი და მისი გარემოცვა ითხოვს ჟურნალისტების დასჯას. რატომ? - იმიტომ, რომ ეთერში გავიდა ისეთი სიუჟეტი, რომელიც მათ არ მოეწონათ. თან ვერც იმართლებენ ამაზე თავს. არ მინდა, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მინდა, სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ ჩემმა და თქვენმა შვილებმა.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ეს ქვეყანა ერთი კაცის, ერთი ადამიანის არაა. ეს ქვეყანა ჩვენი, ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი თაობის არის. მე მჯერა მომავალი თაობის, რადგან ისინი ჩვენზე უფრო ჭკვიანები, ნიჭიერები, წარმატებულები, კრეატიულები და რაც მთავარია, თავისუფალი ადამიანები არიან. მე მათში ვხედავ ახალ ძალას.

ძალიან მწყდება გული, რომ ერთმანეთის კამათში, ლანძღვაში და გინებაში გადის ეს დრო. მე ეს არ მომწონს. მინდა სიყვარული იყოს. ვოცნებობ, რომ სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა. ახლა ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არის. როდესაც ქვეყანაში პატრიოტიზმის გამო ისჯებიან ადამიანები, სად არის სამართლიანობა. თუნდაც მიშა სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში და მას არ უნდა ასამართლებდეს ეს ხელისუფლება.

ხმა არასოდეს მიმიცია "ოცნებისთვის“, მე ვიყავი "მიშისტი". ამის თქმა არც მიტყდება, არც მრცხვენია და არც მეშინია. ამ კაცმა რეალურად გვაცხოვრა და რაღაც იმედი მქონდა, რომ ვიცხოვრებდი ისეთ საქართველოში, როგორიც მე მინდოდა. სამწუხაროდ, ეს თქვენ ვერ დაინახეთ, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მეხსიერება აქვთ ადამიანებს, მათ რაღაც-რაღაცები ვერ დაინახეს. ამაზე მწყდება გული. იმ ხელისუფლებამ ბევრი რამე გააკეთა, ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა?“, - განაცხადა გოგოლა კალანდაძემ.