ავტორი:

"თამთა ილია ჯიშკარიანს თავად დაესხა თავს... რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში" - სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექსდეპუტატის ადვოკატი

"თამთა ილია ჯიშკარიანს თავად დაესხა თავს... რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში" - სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექსდეპუტატის ადვოკატი

"ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძე თავად დაესხა თავს. ის არ არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც თამთა თოდაძე თავს დასხმია ასეთივე ფორმით" - ამის შესახებ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, დაპირისპირების მოტივი თამთა თოდაძის სამსახურებრივი პოზიციით უკმაყოფილება იყო, რის შემდეგაც თამთა თოდაძე ფიზიკურად გაუსწორდა ჯიშკარიანს და გაშლილი ხელით, რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ამ დროს კი ჯიშკარიანი მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იყო.

“მოწმეები დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე და ყველაფერი არის დაფიქსირებული. თამთა თოდაძის მოტივებზე ვრცლად ვისაუბრებ 4 მარტს, როდესაც მოვისმენთ განაჩენს. ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა დაკითხვა, ილია იყო გულწრფელი. თამთა თოდაძე დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა დაწინაურებას, თანამშრომლებთანაც და სხვა პირებთანაც იმეორებდა, რომ მისი ადგილი პატარა ბიუროში არ უნდა ყოფილიყო, უნდა იყოს პარლამენტში და თავს ადარებდა სხვა წარმატებულ ადამიანებს. თვლიდა, რომ არის ძალიან განათლებული, აქვს მრავალი დიპლომი და იყო უკმაყოფილო მისი სამუშაოთი. მიაჩნდა, რომ ილია ჯიშკარიანს მისი დახმარება შეეძლო, ილიამ გაუწია მას რეკომენდაციები მაგრამ არცერთმა სამსახურმა თამთა თოდაძის განცხადება არ დააკმაყოფილა და არ მიიღო.

თამთა უსწორდებოდა გაშლილი ხელით, რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში, ჯიშკარიანი მთელი ეს პერიოდი იყო თავდაცვის რეჟიმში, ფეხებსაც ურტყამდა ჯიშკარიანს, მაგრამ დაზიანებები არ მიუღია და აღბეჭდილი არ არის სხეულზე. თამთა თოდაძემ საკუთარი ჩვენებისას პროცესი დახურა, არ დაუშვა მედიის წარმომადგენლები. აქ გაჟღერდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები, სრულიად სხვა რაღაცებს საუბრობდა მედიასთან და სხვა რამ ისაუბრა სასამართლოში. რაზეც აპელირებს თითქოს ილიამ სცემა, არც კვალი არ არსებობს რაიმე სახის მის სხეულზე და ტანსაცმელზე. პირველივე წუთიდან ვიცოდი, რომ ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა. დარწმუნებული ვარ, რომ 4 მარტს გამამართლებენ განაჩენს მოვისმენთ“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.