ავტორი:

"ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებულია "ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, რომლის გვარი "კ“-ზე იწყება"  - ირაკლი კობახიძე

"ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებულია "ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, რომლის გვარი "კ“-ზე იწყება"  - ირაკლი კობახიძე

"გვარი "კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ვის მოიაზრებს ის ეჭვმიტანილ პირში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე.

ამასთანავე, კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არღვევს ის უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაშინ როდესაც გამოძიება არ დასრულებულა, კობახიძემ უპასუხა, რომ მას კონკრეტული ადამიანი არ დაუსახელებია, კ-ზე კი მისი გვარიც იწყება.

"გვარი "კ“-ზე იწყება, დანარჩენს არ გეტყვით. მე არ მითქვამს ვინ არის ეს და კ-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული "ნაცმოძრაობასთან“ და პირი, რომლის გვარი კ-ზე იწყება, დაკავშირებულია "ნაცმოძრაობასთან“,“- განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კონტრშეტევის მცდელობა უწოდა, რომელიც მისი თქმით, ვერ იქნება წარმატებული.

"ეს არის კონტრშეტევის მცდელობა თავის დაცვის მიზნით. თქვენ იცით, რომ როდესაც გიტევენ, ამ დროს თავის დაცვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შეტევა და ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ, თუმცა ეს ტაქტიკა ვერ იქნება წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი გახდება ცხადი მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი "ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებული და მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ძალიან მძიმე ქმედებებში, რაც შეეხება ქოლ -ცენტრებს,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული ქოლ-ცენტრების უკან დგას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.