"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ბრალდებულმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო. როგორც თვითონ აცხადებს, ნაყოფი უფრო პატარა იყო, ვიდრე 9 თვის ბავშვი" - ამის შესახებ ფოთში მომხდარი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მალავდა ბრალდებული საკუთარ ორსულობას.
ჯავახიშვილი თვლის, რომ სასამართლომ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებით ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.
"ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ამ ეტაპზე არ იკვეთება, მას აქვს გადატანილი გულის მანკი და გულის ოპერაცია აქვს ჩატარებული. ვთვლით, რომ სასამართლოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეძლო გაეთვალისწინებინა და ამ ეტაპზე არ მიეღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ. ვთვლით, რომ ეს მკაცრი გადაწყვეტილებაა და შესაძლოა, ის გავასაჩივროთ.
მომხდარის მიზეზი ჩვენებაში არ არის განხილული. ამის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით. ექსპერტიზის დასკვნას იმიტომ ველოდებით, რომ ის მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ თუ რა მოხდა რეალურად - ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა თუ ცოცხალი იყო და შემდეგ მოხდა დანაშაული. ამის გარკვევა აბსოლუტურად ცვლის კვალიფიკაციას, პროცესს და ყველანაირ მოქმედებას. სწორედ ამიტომ, წინასწარ ვერ მოგცემთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბრალდებული“, - განაცხადა ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა.